#29639
BLH
Keymaster

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა  მესამე პირისგან (სუბროგაცია)

(სუსგ. N-ას-581-549-2011)

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, დაზღვეული ტვირთის ტრანსპორტირების პროცესში დაზიანების შედეგად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გამოსათვლელად არასწორად გამოიყენა სკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა: მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია არა გადაზიდვის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებების დარღვევის ფაქტზე, არამედ სკ-ის 832-ე მუხლით მოწესრიგებულ, მზღვეველის მიერ რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნის უფლების საფუძველზე და, ვინაიდან ეს მუხლი არ ადგენდა მზღვეველის რეგრესული მოთხოვნის ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას, ამიტომ უნდა გამოყენებულიყო სკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საერთო ხანდაზმულობის ვადა.

საკასაციო სასამართლოს განმარტება: სადავო შემთხვევაში დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მზღვეველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების გადაცემის გამიჯვნას რეგრესული ვალდებულებისაგან. საკასაციო სასამართლომ მიუთითა სკ-ის 832-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს არა რეგრესულ ვალდებულებას, არამედ შესაძლებლობას, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში.

მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია ე.წ. სუბროგაციის პრინციპის სახით. ამ შემთხვევაში მზღვეველი ცვლის ზიანის მიმყენებლის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დამზღვევს. მოთხოვნის დათმობით არ იცვლება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში.

თუ აღმოჩნდება, რომ დამზღვევის მოთხოვნა ზიანის მიმყენებლის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია, მაშინ ხანდაზმული იქნება მზღვეველის მოთხოვნაც. კრედიტორის შეცვლა ვალდებულებაში არ იწვევს ხანდაზმულობის ვადისა და მისი გამოთვლის წესის შეცვლას. საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მსგავს ვითარებაში მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით, რომლებიც არეგულირებენ დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებულ ურთიერთობას, კონკრეტულ შემთხვევაში კი, უნდა გამოყენებულიყო გადაზიდვის მარეგულირებელი ნორმები, ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო.