მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამოქალაქო პროცესი › Reply To: სამოქალაქო პროცესი
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები
(განჩინება #ას-811-760-2010 13.01.11)
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, არასწორად განმარტა სსკ-ის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. საქმის მასალების თანახმად, არბიტრაჟმა განიხილა საქმე, რაც მის კომპეტენციაში არ შედიოდა. ამასთან დაკავშირებით არბიტრის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ, რის თაობაზეც მასალა დაიბეჭდა პრესაში და გადაიცა ტელევიზიით. სააპელაციო პალატამ ზემოთ მითითებული გარემოება მიიჩნია საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად და საფუძვლად დაუდო მიღებულ გადაწყვეტილებას.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სასამართლოს მიერ ყველა ფაქტობრივი გარემოება დგინდება მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებებიდან. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს სსკ-ის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები. მითითებული ფაქტები, განსხვავებით ამავე მუხლით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებისაგან საერთოდ არ საჭიროებენ რაიმე დოკუმენტის თუ მტკიცებულების წარდგენას გარკვეული გარემოების დასადგენად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მითითებული ფაქტის საყოველთაოდ ცნობილად მიჩნევისთვის, უკიდურეს შემთხვევაში, არბიტრი პოპულარული, მოსახლეობის ყველა ფენისათვის ცნობილი უნდა იყოს და მისი ცხოვრება საყოველთაო ინტერესს იწვევდეს. შესაძლებელია, მისი დაკავება იყოს ისეთი მნიშვნელოვანი მისი არაორდინალურობის ან სხვა გარემოებათა გამო, რომ მან მთელ მოსახლეობაში გამოიწვიოს ინტერესი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 412-ემუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.
