მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამოქალაქო პროცესი › Reply To: სამოქალაქო პროცესი
სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა
(სუსგ. N-ას-1253-1101-10)
თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, მიიჩნია, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებით მოპასუხეს მხოლოდ შესაგებლის წარდგენის ვადა განუსაზღვრა და ამავე განჩინებით იგი არ გააფრთხილა სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, არსებობდა სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება, ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით კი, სასამართლო უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომის თარიღი მხარეს ზემოხსენებული კანონის დანაწესის შესაბამისად, სასამართლოს შენობაში ეცნობა და განემარტა საქმის განხილვაზე მისი არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ, რაც დასტურდება სასამართლო უწყებაზე მხარის წარმომადგენლის ხელმოწერით. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხე სასამართლოს მიერ დადგენილ დროს საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი აცნობა სასამართლოს. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და მიიღო ახალი გადაწყვეტილება.
