#29552
BLH
Keymaster

სასამართლო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის

 

(სუსგ.N-ას-640-601-2011)

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, არასწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 53-ე მუხლი, რომელიც სასამართლო ხარჯების განაწილების წესს ადგენს, კერძოდ, საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნდა, სააპელაციო პალატამ კი მოსარჩელეს დააკისრა მოპასუხის მიერ გაწეული სახელმწიფო ბაჟის ხარჯების ანაზღაურება.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტება: იმის განსაზღვრა, თუ რომელ მხარეს რამდენი სახელმწიფო ბაჟი ან სხვა სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს, მხოლოდ დავის არსებითად გადაწყვეტის შემთხვევაშია შესაძლებელი. საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ეტაპზე დასაკისრებელი სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების კანონიერების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ასეთ დროს სასამართლოს არ გააჩნია ის მონაცემები, რაც აუცილებელია სახელმწიფო ბაჟის ოდენობის დადგენისა თუ სხვა სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილი გულისხმობს, რომ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემთხვევაში გაუქმებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასამართლო ხარჯების განაწილება ძალას კარგავს და აღნიშნული ხელახლა უნდა გადანაწილდეს დავის არსებითად გადაწყვეტის დროს. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და მიიღო ახალი გადაწყვეტილება მოცემულ დავაზე სასამართლო ხარჯების საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს გადანაწილების თაობაზე.