მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › საგადასახადო სამართალი › დ.ღ.გ (V.A.T) › Reply To: დ.ღ.გ (V.A.T)
დამატებული ღირებულების გადასახადის არსი
დამატებული ღირებულებით დაბეგვრა ქმნის სისტემას, რომლის დროსაც გადასახადის თანხა არ არის დამოკიდებული წარმოებისა და მიწოდების სტადიების რაოდენობაზე. იგი საბოლოო მომხმარებელზე მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ფასით განისაზღვრება.
დღგ-ის გადახდის ტვირთი საბოლოო მომხმარებელს აწვება და ამიტომ იგი არაპირდაპირ გადასახადებს განეკუთვნება.
დამატებული ღირებულების გადასახადი, როგორც არაპირდაპირი გადასახადი, არის საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის, მომსახურების წარმოებისა და მიმოქცევის პროცესში შექმნილი ღირებულების ნაწილის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ყველა დასაბეგრი საქონლის ღირებულების ნაწილის ბიუჯეტში სავალდებულო შენატანი.
დღგ, ექვემდებარება გადახდას საქონლის მიწოდების და მომსახურების გაწევის ყველა სტადიაზე. დასაბეგრი ბრუნვიდან ბიუჯეტში შესატანი დღგ-ის თანხა განისაზღვრება, როგორც სხვაობა დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხულ დღგ-ის თანხასა და ჩასათვლელ დღგ-ის თანხებს შორის.
ამასთან, არაპირდაპირია გადასახადი, რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება.
დამატებული ღირებულების გადასახადი არაპირდაპირი მრავალსაფეხურიანი გადასახადია, რომლის გადახდაც წარმოებს საქონლის (მომსახურების) წარმოებისა და მიწოდების ყველა სტადიაზე. დღეისათვის საქართველოში (და ევროპის ქვეყნებში) დღგ გამოიანგარიშება დანიშნულების ადგილის პრინციპით: გადასახადის გადახდა წარმოებს საქონლის იმპორტისას, საქონლის ექსპორტის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრით (ან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებით).
თავისი ეკონომიკური არსით აღნიშნული გადასახადი საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის, მომსახურების წარმოებისა და მიმოქცევის პროცესში შექმნილი ღირებულების ნაწილის, აგრეთვე საქართველოში შემოტანილი ყველა დასაბეგრი საქონლის ღირებულების ნაწილის ბიუჯეტში სავალდებულო შენატანის ფორმას წარმოადგენს.
დღგ-ის გამოანგარიშების მიზნით საქართველოს საგადასახადო წარმოებაში შემოღებულია ანგარიშ-ფაქტურების გამოყენება. დადგენილია ანგარიშ-ფაქტურების შევსების განსაზღვრული მოთხოვნები (სავალდებულო რეკვიზიტები, ეგზემპლარების რაოდენობა, გაფორმებისა და მიწოდების ვადები).
აღნიშნულმა დღგ-ის გამოანგარიშების ეროვნული პრაქტიკა დაახლოვა ინვოისური მეთოდით ანუ ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლის მეთოდით დაბეგვრის პრაქტიკასთან. ამ მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში: გადასახადის გადამხდელი უწერს საქონლის (მომსახურების) მყიდველს ანგარიშ-ფაქტურას, სადაც უთითებს ამ გადასახადით გაზრდილ საქონლის ფასს, ასევე ცალკე სტრიქონად დღგ-ის თანხას. მყიდველისაგან მიღებული დღგ-იდან გადასახადის გადამხდელი გამოქვითავს გადასახადის თანხებს, რომელიც მან გადაიხადა საწარმოო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის შეძენისას. სხვაობის თანხა შეიტანება ბიუჯეტში.
