მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › საოჯახო სამართალი › Reply To: საოჯახო სამართალი
არასრულწლოვანი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მშობლების განქორწინებისას
(უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N ას-904-944-2011)
დავა ეხება ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების შეუთანხმებლობისას არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას. მოცემულ შემთხვევაში მეუღლეებს ჰყავთ ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ერთი მათგანი ცხოვრობს დედასთან, მეორე მამასთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას სპეციალისტის დასკვნის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ არასრულწლოვანთა უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე და-ძმა ცალ-ცალკე არ უნდა იზრდებოდეს.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების შეუთანხმებლობისას არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელ ადგილს განსაზღვრავს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
კანონი არ ადგენს რაიმე პრეზუმფციას დედის ან მამის სასარგებლოდ. სასამართლო დავის გადაწყვეტისას, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, არკვევს, თუ რომელ მშობელს შეუძლია უკეთ უზრუნველყოს ბავშვის აღზრდა, რაც მარტო საბინაო-საყოფაცხოვრებო და მატერიალურ პირობებზე არ არის დამოკიდებული. ამდენად, დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრიორიტეტი უნდა განისაზღვროს არა მშობლების, არამედ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, შესაბამისად, აუცილებელია სპეციალისტების (ფსიქოლოგების) პროცესში მონაწილეობა და მათი დასკვნების საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.