#29475
Crassus
Participant

კეთილსინდისიერების მოვალეობა

(სუსგ. Nას-1388-1224-2010)

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას გამოიყენა სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, მისი მოსაზრებით, ვალდებულების წარმოშობის საფუძველი შეიძლება გახდეს კეთილსინდისიერების პრინციპი, რომელიც გამომდინარეობს კოდექსის ზოგადი ნორმებიდან და გულისხმობს თითოეული მხარის მოვალეობას, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ერთმანეთს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში.

საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობისას მხარეთა მოვალეობები მოქცეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა ფარგლებში. სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი შეიცავს მითითებას კეთილსინდისიერებასთან მიმართებაში. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები ანუ კეთილსინდისიერება უკავშირდება პირისათვის დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და არა იმის შესრულებას, რაც მას არც ხელშეკრულებით და არც სხვა სახით მხარის მიმართ არ უკისრია.