მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მემკვიდრეობითი სამართალი › Reply To: მემკვიდრეობითი სამართალი
სამკვიდროს გაყოფა: სკ-ის 1452-ე მუხლი
(საქმე N-ას-839-788-2010)
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მემკვიდრეთა წილი მამკვიდრებლის ქონებიდან. კერძოდ, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე. სამმა მათგანმა სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილ ზომებს მიმართა. ერთ-ერთი მემკვიდრე გარდაიცვალა, თუმცა სამკვიდროს მიღებაზე პრეტენზია არც მას და არც მის მემკვიდრეებს არ განუცხადებიათ. მიუხედავად ამისა, პალატამ თითოეულ მემკვიდრეს სამკვიდროდან წილი მიაკუთვნა.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 1452-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო გაიყოფა სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შეთანხმებით იმ წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგანს კანონით ან ანდერძით ერგებათ. მითითებული ნორმიდან და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამკვიდრო მიღებულია რა სამი თანაბარი უფლების მქონე მემკვიდრის მიერ, სამკვიდრო მათ შორის თანაბრად უნდა განაწილდეს. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით თითოეულ მათგანს სამკვიდროდან განესაზღვრა ქონების 1/3 ნაწილი.
