#29413
BLH
Keymaster

მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით

 

საქმებს-1635-1589(-08)

 

ფაქტობრივი გარემოებები: სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროში, საპატრულო პოლიციის ინსპექტორსა და მძღოლს – ნ. პ-შვილს შორის.

 

2007 წლის 18 მარტს 11.20 საათზე თბილისი-ბაკურციხე‑ლაგოდეხის გზის მე‑7 კ.მ‑ზე მოსარჩელის მიერ ავტომანქანით მოძრაობისას, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს პატრულ‑ინსპექტორ – ვ. გ-ძის მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი- ღვედის გამოუყენლობის გამო და საჯა­რიმო ქვითრის საფუძველზე, ადმინისტრაციული სახდელის სახით ნ. პ-შვილს განესაზღვრა ჯარიმა 20 ლარის ოდენობით. ოქმის მიხედვით ნ. პ-შვილმა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე.

 

ნ. პ-შვილმა სადავოდ გახადა სამართალდარღვევის საერთოდ ჩადენის ფაქტი, მიიჩნია რა, რომ სამართალდარღვევის არსებობის პირობებშიც იმ მანძილიდან, სადაც იმყოფებოდა პატრულ‑ინსპექტორი ვერ შეამჩნევდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ანუ სახეზე იყო შეცდომა. ამასთან, პატრულ‑ინსპექტორის შემთხვევის ადგილზე არ მომხდარა საქმის გარემოებების გამოკვლევა. ასევე, სადავო გახადა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების მართებულობა და მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის გამოყენება.

 

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენ­დეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველ­ზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.

 

ადმინისტრაციული სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი პრინციპი – ოფიციალობის პრინციპი განსაზღვრავს ადმინისტრაციული მართლმსაჯულების როლს. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, განსხ­ვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისგან სასამართლო პროცესუალური აქტივობის ცენტრში იმყოფე­ბა, ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში სასამართლოს აკისრებს საპროცესო სამართალურთიერთობა­ში მხარეთა საპროცესო უფლებებში ბალანსის მიღწევისთვის აუცილებელ საპროცესო მოქმედებების შეს­რულებას.

 

ოფიციალობის პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103‑ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.

 

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ სავ­სებით უგულებელყო ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი, საჯარო ინტერესის უზრუნ­ველმყოფი უფლებამოსილება (მით უფრო იმ ვითარებაში, როცა პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა გადაწყვიტა მოსარჩელის სასარგებლოდ). კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს არ მიუღია ზომები, დამატე­ბითი მტკიცებულებების, ინფორმაციის მოსაპოვებლად, მაშინ, როცა ისედაც მოცემული დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა წრე უკიდურესად შეზღუდულია.

 

საკასაციო სასამართლომ გაიზიარა ზემო პოსტში მითითებული მსჯელობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლთან დაკავშირებით – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების დროს მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე‑17 მუხლის გამოყენე­ბასთან დაკავშირებით არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ სასამართლო აღარ იკვლევს საქმის ფაქ­ტობრივ გარემოებებს საკუთარი ინიციატივით. სადავო ფაქტთან დაკავშირებული მტკიცების ტვირთის მხარე­თა შორის პროპორციული გადანაწილების ფორმულა სრულებით არ გამორიცხავს სასამართლოს უფლება­მოსილებას. პირიქით, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლომ ყველა შესაძლებელი ფაქტობრივი გარემოება უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს.

 

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ ერთი წერილობითი ხასიათის მტკიცებულება – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილება, მტკიცებულება იმდენად, რამდენადაც მასშია აღწერილი გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტი, პირობები, დამრღვევი სუბიექტი. ამავდროულად, აღნიშნული დადგენილება წარმოადგენს დავის საგანს, რამდენადაც მოსარჩელე სადავოდ ხდის მის კანონიერებას, აქტში აღწერილი იურიდიული ფაქტის ნამდვილობის კონტექსტით ანუ სწორედ ერთერთ წერილობით მტკიცებულე­ბაში აღწერილი, გადმოცემული ფაქტი წარმოადგენს სადავოს და მტკიცების საგანს.

 

მტკიცებულებათა ამგვარი სიმწირის პირობებში სასამართლო ვალდებულია თავისი ინიციატი­ვით გამოიკვლიოს არსებობს თუ არა სადავოდ გამხდარი გარემოების სხვა უშუალო მტკიცებულებე­ბი, მაშინ, როცა სასამართლომ არ შეაფასა თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტება, არ დაკითხა მოწმე­ებად თავად პატრულ‑ინსპექტორი, მოსარჩელის ავტომანქანაში მყოფი თანამგზავრი, არ გამოიკვლია პატრულ‑ინსპექტორის მიუკერძოებლობის, ობიექტურობის, სათანადო უნარ-ჩვევების დამამტკიცებელი გა­რემოება /პოლიციის მოხელის პირადი საქმე/, არ მოუწვევია სპეციალისტი, რათა გაერკვია, რამდენად შე­საძლებელი იყო პოლიციელს მაქსიმალურად ზუსტად აღექვა სამართალდარღვევის ფაქტი, იმ მანძილიდან, მიმართულებიდან, როგორც ეს აღწერა /რასაც სადავოდ ხდის მოსარჩელე/.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ წერილობითი სახის მტკიცებულებათა პრაქტიკულად არარსებობის პირობებში უნდა მოიპოვოს ზეპირი სახის მტკიცებულებები და სსსკ‑ის 105‑ე მუხლის დანაწესის მიხედვით ობიექტური შეფასება უნდა მისცეს მათ.