#29410
Crassus
Participant

მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით

 

(სუსგ.№ ბს-626-596(-07)

 

ფაქტობრივი გარემოებები:სადავო სამართალურთიერთობა წარმოიშვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროში, საპატრულო პოლიციის – ინსპექტორსა და მძღოლს (კასატორ ზ. ნ.-ს) შორის.

 

2006 წლის 16 იანვრის დი­ლის 10 00 საათზე …‑ზე ავტომანქანით მოძრაობისას კასატორი ზ. ნ.‑ი გააჩერა საპატრულო პოლიციამ, რომ­ლის მიჩნევით მძღოლი …‑ზე არ დაემორჩილა შუქნიშნის ამკრძალავ წითელ ფერს, რაც კანონის მიხედვით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლის თაობაზე პატრულის მიერ შედგენილ იქნა ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე 101554 /იხ.ს.ფ. 2/, ოქმის მიხედვით ზ. ნ.‑მ უარი განაც­ხადა ოქმის ხელმოწერაზე.

 

ზ. ნ.‑მ სადავოდ გახადა სამართალდარღვევის საერთოდ ჩადენის ფაქტი, მიიჩნია რა, რომ მას არ გაუვლია ამკრძალავ წითელ ფერზე. ამასთან, სადავო გახადა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების მარ­თებულობა და მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის გამოყენება.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტება: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი თავისი იურიდიული ბუნებით რეპრესიული ტიპის საკანონმდებლო აქტია, აღნიშნულისაგან პრინციპულად განსხვავებუ­ლი ანუ ადმინისტრაციასთან მიმართებაში მოქალაქეთა უფლებებზე დაფუძნებულ კანონმდებლობას წარმოად­გენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომლის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა. ზო­გადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს განსაზღვრულ ფორმალურ წესს ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რომელიც დაცული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცე­მისას მათი სამართლებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალდარღ­ვევათა კოდექსით განსაზღვრული პროცედურა.

 

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა და მის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სპეციფიკურ მმართველობის საქმიანობას წარმოადგენს. სამართალდარ­ღვევის გამოვლენა იურიდიული ფაქტის დადგენა-დაფიქსირებას ნიშნავს, რაც შესაბამის იურიდიულ შედეგს იწვევს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არსებითად განსხ­ვავდება სხვა მმართველობით სფეროებში მიღებული გადაწყვეტილებისაგან. უპირველესად, მისი მომზადე­ბის და გამოცემის პროცედურის თვალსაზრისით.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებ­რივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტ­კიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევა­ლებოდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვ­ნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე‑4 მუხლები).

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე‑17 მუხლის I პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითე­ბული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგა­მონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისას, ვინაიდან კანონმდებელი არ ადგენს მოწმეთა აუცილებელ დასწრებას, ივარაუდება, რომ სამართალდარღვევის გამომ­ვლენ პოლიციის მოხელეს გააჩნია შესაბამისი პროფესიული უნარჩვევები, ადეკვატურად და ობიექტურად შეაფასოს კონკრეტული ფაქტი, ქმედება. აღნიშნული, რასაკვირველია არ გამორიცხავს სამართალდარღ­ვევის გამომვლენის მიერ უზუსტობას, მიკერძოებას ან არაობიექტურ შეფასების კონკრეტული შემთხვევის დასაშვებობას (შესაძლებლობას).

 

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავად ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექ­სის ნორმებით არ არის განსაზღვრული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გა­საჩივრებისას სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე გადანაწილება.

 

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან მიმართებაში ადმინისტრაციული საპროცე­სო კოდექსის 17.2. მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის გადატანა ადმინისტრაციულ ორგანოზე, არ უნდა იქნა გამოყენებული, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში სადავოა და დამტკიცებას ექვემდებარება არა დავის საგნის სამართლებრივი მხარე /სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის კანონიერება, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის კომპეტენ­ცია, სამართალშეფარდების შესაბამისობა, ადმინისტრაციულსამართლებრივი პრინციპების დაცვა ადმი­ნისტრაციულ წარმოებაში და ./ არამედ, სამართალდარღვევის ფაქტის არსებობაარარსებობა, რა დრო­საც მოდავე მხარეებზე მტკიცების ტვირთი აუცილებლად პროპორციულად უნდა იქნას გადანაწილებული.

 

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით დად­გენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინის­ტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორ­განომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექ­სის 17.2 მუხლით სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალ­დებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა.

 

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინის­ტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერი­ალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავი­სი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამი­სად, ამდენად სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერება მოწმდება არა სამართლებრივი საფუძვლებით (სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი) არამედ, ფაქტის არასწორად დადგენისა და შეფასების შედეგად არას­წორად ნორმის შეფარდების თვალსაზრისით.

 

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა სადავო აქტის კანონიერების განსაზღვრა დამოკიდებულია აქტით აღწერილ და გამოვლენილ იურიდიული ფაქტის ნამდვილობის დადგენაზე, ლოგიკუ­რია, რომ გამოყენებულ უნდა იქნას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლით გათვალისწინებუ­ლი საერთო წესი მტკიცების ტვირთის პროპორციულობის და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებების შესახებ, რაც დაცულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას.

 

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სასამართლოს წინაშე იმ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება, რომ მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენას ადგილი არ ჰქონია, მისი გან­მარტებით სადავო მომენტში მას ეჩქარებოდა სამსახურში, რის გამოც მან ვერ შეძლო პატრულ‑ინსპექტორი დაერწმუნებინა თავის სიმართლეში, ანუ სხვა ინტერესის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი და შესაბამისი ახს­ნა-განმარტება არ მოუხდენია ადგილზე.

 

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, შემდეგზე, რომსააპელაციო სასა­მართლოს განჩინების მოტივაციის თანახმად, პატრულინსპექტორს შეუძლიასწორად შეავსოსადმინის­ტრაციულსამართალდარღვევათა ოქმი, ჩაწეროს მასში დამრღვევ პირად ნებისმიერი გამვლელი ავტო­მანქანის ნომერი და მეპატრონე, მიაწეროს რომ პირი უარს აცხადებს ხელის მოწერაზე და არ ეთანხმება ოქმში მოყვანილ გარემოებებს. აღნიშნულის საფუძველზე საპატრულო პოლიცია გამოსცემს ადმინისტრა­ციულსამართლებრივ აქტს და დააჯარიმებს მოქალაქეს ისე, რომ ასეთ გარემოებას ადგილი არც ექნება მისი მხრიდან და შესაძლოა, მან ეს მხოლოდ აღნიშნული ჯარიმის ქვითრის მიღების შემდეგ შეიტყოს“, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

კასატორის ამ მოსაზრებაში იხატება არაკეთილსინდისიერი პატრულინპექტორის მორალური სახე, რაც არ შეესაბამება ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპს. საქმის მასალე­ბით დადგენილია და ამას თავად მოსარჩელეც არ უარყოფს, რომ მან მითითებულ ტერიტორიაზე გაიარა სწორედ ამ დროის მონაკვეთში და ამდენად, სამართალდარღვევის ამგვარიგამოვლენა,“ .. ფიქტიური სამართალდარღვევა არ არის სადავო, ეს მხოლოდ მოსარჩელის ჰიპოთეტური ვერსიაა და მას კონკრე­ტულ შემთხვევასთან საერთო არა აქვს.

 

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას გაცილებით მარტივია ფაქტის გამორკვევა სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე, ვიდრე სასამართლოში, რამდენადაც სადავო გარემო­ების უშუალო მტკიცებულება (ვიდეოთვალი ან სხვ.) ან ნეიტრალური მოწმე არ არსებობს, თუმცა, სავსებით შე­საძლებელია სადავოობის შემთხვევაში ამგვარი ან მსგავსი მტკიცებულებების წარმოდგენის ალბათობა, მაგ. მტკიცებულება, რომ იმ მომენტში საერთოდ არ მუშაობდა შუქნიშანი, პატრულ‑ინსპექტორის დისციპლინური დასჯის არსებობა მიუკერძოებლობის და არაობიექტურობის გამო, თვითმხილველთა ჩვენებები, ანუ მტკიცე­ბის შესაძლებლობა არ არის შეზღუდული. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა უზრუნველეყო ფაქტის დამტკიცე­ბა, რაც მან ვერ მოახდინა. ამ ვითარებაში, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები, ადგილი არ ჰქონია მნიშვნელოვან საპროცესო დარღვევას და ობიექტურად კანონიერად იქნა გადაწყვეტილი დავა.