#29337
Crassus
Participant

ინდ. აქტის გაცნობა სუსგ. ბს392-387(3-14)

საკასაციო სასამართლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის ინსტიტუტთან დაკავშირებით სზაკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება:

  1. აქტის გასაჩივრების ვადის გასვლას;
  1. აქტის გასაჩივრების შემთხვევაში მის უცვლელად დატოვებას.

განსახილველ საქმეში  სადავო დადგენილება გამოქვეყნდა ადგილობრივ პრესაში სზაკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, დადგენილია, რომ აქტი არავის არ გაგზავნია.

საკასაციო სასამართლო სზაკ-ის 55-58-ე მუხლების დანაწესების საფუძველზე განმარტავს, რომ კანონმდებელი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის ხელმისაწვდომობის და მისი გაცნობის სტანდარტს, წესსა და პირობებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე  №ბს-1580-1509(კ-09)  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო, მოპასუხის, ა. -ის მიმართ, ჩამოყალიბებულ განმარტებაში,  საკასაციო სასამართლომ აღნიშნა:

„ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლას არაორაზროვნად და მკაფიოდ უკავშირებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობას, რაც ნიშნავს, რომ აქტით განსაზღვრული მოწესრიგება, სამართლებრივი შედეგი შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს მხოლოდ ადრესატისათვის აქტისგადაცემის შემთხვევაში. ამდენად, სამართლებრივი აქტით უნდა განისაზღვროს ადრესატისაქტის გამოცემის თარიღის შემდგომი სამართლებრივი მდგომარეობა (უფლება-მოვალეობების დადასტურება, დაწესება, შეცვლა, შეწყვეტა)“.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აქტის ოფიციალური გაცნობის კანონით დადგენილი წესი გამოიყენება იმ შემთხვევებში, როცა ცნობილია აქტის ადრესატი/ადრესატთა წრე, აგრეთვე დაინტერესებული პირები.

გასაჩივრებული დადგენილების შინაარსი ცხადყოფს, რომ აქტის სამართლებრივი შედეგი არ ზემოქმედებს  უშუალო ადრესატის ან მესამე პირთა კანონიერ ინტერესებზე, რამდენადაც ტექინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებით ქ. ბათუმის მერიის სახელზე აღრიცხული ფართის საკუთრების უფლებით დარეგისტრირების მოთხოვნით საჯარო რეესტრისადმი მიმართვის უფლებას ეხება, ამდენად, აქტის ოფიციალური გაცნობის წესის გამოყენების ვალდებულება ადრესატის გარეშე ალოგიკური, შესაბამისად, არაკანონიერია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარ ვითარებაში, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებათა გამოქვეყნება ერთადერთი ლეგიტიმური საშუალებაა მისი საზოგადოების წევრებისათვის გაცნობის უზრუნველსაყოფად, რაც სავსებით ლოგიკურად და კანონიერად გამოიყენა მოპასუხე ქ. ბათუმის მერიამ, რაც გულისხმობს ამ აქტის სზაკ-ის 54-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნების დღეს ძალაში შესვლას.

აღნიშნულ გარემოებათა გამო,  გასაჩივრებული დადგენილება გამოქვეყნდა რა გაზეთ ,,…“ 2006 წლის 1 სექტემბრის ნომერში, აქტი ძალაში შევიდა გამოქვეყნების დღესვე, საიდანაც უნდა აითვალოს მისი გასაჩივრების ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დაცვით შეტანის თაობაზე არ გამომდინარეობს  სზაკ-ის 55-58-ე მუხლების სწორი, კანონშესაბამისი გაგება-განმარტებიდან.