#29336
BLH
Keymaster

ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა

სუსგ. № ბს-220-212 (2-13)

საკასაციო სასამართლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის ინსტიტუტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტის ადრესატისათვის გაცნობის ფორმების გამოყენება დაკავშირებულია ადმინისტრაციული წარმოების ფორმებთან და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატთა რაოდენობას­თან, ასევე მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობის მნიშვნელობის ხარისხთან.

ოფიციალურო­ბის თვალსაზრისით ეს სამივე ფორმა თანაბარი სამართლებრივი ძალის მატარებელია და თანაბარ სა­მართლებრივ შედეგებს იწვევს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიული ნორმა. კო­დექსის ეს მოთხოვნა გამომდინარეობს იქედან, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრი­ვი აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისათვის გაცნობა არის ფინალი ადმინისტრაციული წარმოებისა და მისი შედეგი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით ((სზაკ‑ის 54‑ე მუხლი); ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ კანონმდებლობით შესაძლებელია მისი ძალაში შესვლის სხვა ვადები იყოს დადგენილი).

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის ზუსტი დროის განსაზღვრა მნიშვნელოვანია აქტის მიმართ სა­ჩივრის და სარჩელის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადების დასაცავად. სწორედ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე იწყება მისი გასაჩივრების (სარჩელის შეტანის) ვადების ათვლა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტის ოფიციალური გაცნობა წარმოადგენს არა მარტო აქტის კანონიერების კრიტერიუმს, არამედ მისი არ­სებობის წინაპირობას. როგორც საკანონმდებლო აქტი მისი ოფიციალური გამოქვეყნებით შედის ძალაში, ასევე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას მისი ადრესატისათვის ოფიციალური გაცნობით.

თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიმართულია რამდენიმე ადრესატის მიმართ, აუცილებელია თითოეული მათგანისათვის მისი ოფიციალური გაცნობა. აქიდან გამომდინარე შე­საძლებელია თითოეული პირის მიმართ ძალაში შესვლის სხვადასხვა ვადები გვქონდეს სახეზე. ამან შეიძ­ლება კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული პრობლემები წარმოშვას, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეუძლე­ბელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. ასეთი შემთხვევების თავიდან აცილებას ემსახურება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55‑ე მუხლში მოცემული მოწესრიგება. თუმცა ეს მუხლი გამოიყენება მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეხება 50‑ზე მეტ პირს.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის პროცესში ყუ­რადღება უნდა მიექცეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55‑ე – 58‑ე მუხლების და სპეციალურ კანო­ნებში მოცემული დანაწესების თავისებურებებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქ­ტის მხარისათვის გადაცემის კანონით განსაზღვრული ფორმის დაუცველობა ყოველთვის არ აბრკოლებს მის ძალაში შესვლას, არამედ აქტს ხდის უკანონოს. ასე, მაგ., თუ წერილობითი ინდივიდუალური ადმინის­ტრაციულსამართლებრივი აქტის მხარისათვის ზეპირი ფორმით გაცნობა მოხდა, ასეთი აქტი მისი მხარი­სათვის გაცნობის კანონით დადგენილი წესის დარღვევის გამო არის უკანონო, მაგრამ მიუხედავად ამისა, რამდენადაც მოხდა ადრესატისათვის მისი ოფიციალური გაცნობა, ის შეიძენს შესასრულებლად სავალდე­ბულო ძალას. მაგრამ, თუ კანონით გათვალისწინებული აქტის მხარისათვის ინდივიდუალური გადაცემის მიუხედავად (სზაკის 58‑ მუხლის შესაბამისად) მოხდება მისი საჯაროდ გამოცხადების გზით გაცნობა, ამ შემთხვევაში თვითონ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის ფორმა არის უკანონო და ამდენად ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი არ შედის ძალაში, ანუ აქტი მხარისათვის შესასრულებლად სავალდებულო ძალის მატარებელი არ არის.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისათვის გაცნობის პროცესში არსე­ბითია შემდეგი გარემოება:

მხარისათვის მისი გაცნობა უნდა ატარებდეს ინდივიდუალურ ხასიათს, ანუ კონკრეტულად უნდა იყოს ადრესატი მითითებული, რამდენადაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობა ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ისეთი ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც საჭიროებს მეორე მხარის მიერ მიღებას, შესაბამისად მოქმედებს სამოქალაქო სამართლის ნორმები მისი ნამდვილობის დასადგენად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტის ძალაში შესვლის ინსტიტუტი პირდაპირ კავშირშია აქტის აღსრულების ინსტიტუტთან, ვინაიდან ინდი­ვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება არის ადმინისტრაციული წარმოების მნიშვნელოვანი სტადია. ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შედე­გები ვლინდება მის აღსრულებაში. აღსრულების ცნების ქვეშ მოიაზრება მოქალაქის ან სხვა სამართლის სუბიექტების საჯარო-სამართლებრივი ვალდებულებების იძულების წესით განხორციელების შესაძლებ­ლობა. კანონით მკაცრად განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევების გარდა, დაუშვებელია ინდივიდუ­ალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყება, თუ იგი ადრესატს არ ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა და შესაბამისი სახდელის შეფარდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით ხორციელდება და მისი გაცნობა ადრე­სატისათვის განეკუთვნება ნორმატიულად გარანტირებულ უფლებას – გააჩნდეს კანონიერი მოლოდინი აქტის აღსრულების სტადიაში გადაზრდამდე დაკისრებული ვალდებულების გაცნობისა და გასაჩივრების უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით.