#29106

დამქირავებლის უფლებების გადასვლა მის ოჯახის წევრებზე

ზოგადად, ქირავნობის უფლება არ გადადის მემკვიდრეობით, ანუ დამქირავებლის გარდაცვალების შემთხვევაში იგი წყდება.

თუმცა სკ-ის 571-ე მუხლი შეიცავს საგამონაკლისო პირობას, რომელიც მოქმედებს მხოლოდ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის შემთხვევაში, კერძოდ დამქირავებლის გარდაცვალებისას მასთან ერთად, საერთო მეურნებობით მცხოვრებ ოჯახის წევრებს რჩებათ საცხოვრებელ სადგომზე ქირავნობიდან გამომდინარე უფლება. ანუ, ხელშეკრულების მოქმედება არ წყდება და პირვანდელი დამქირავებლის ადგილს იკავებენ ოჯახის წევრები.

მაგ: თუ დაქირავებულ ბინაში ცხოვრობს ცოლ-ქმარი და ბინის დამქირავებელია ქმარი, რომელიც გარდაიცვლება, დამქირავებლის ადგილს დაიკავებს მისი ცოლი.

დამქირავებლის ოჯახის წევრობის ცნობისათვის საჭიროა ორი პირობა:

ა) დამქირავებელთან ერთად ცხოვრება.

ბ) მასთან ერთად ერთიანი საოჯახო მეურნეობი წარმართვა.

აღსანიშნავია, რომ არ არის შეზღუდული იმ პირთა წერე, რომლებიც შეიძლება ჩაითვალონ დამქირავებლის ოჯახის წევრებად.

გარდაცვლილი პირის მაგივრად დამქირავებლის ადგილს იკავებენ მისი ოჯახის წევრები ავტომატურად, გარდაცვალების ფაქტის შემდგომ, მნიშვნელობა არ აქვს ისინი წარმოადგენენ თუ არა გარდაცვლილის მემკვიდრეებს. ამისთვის არ არის საჭირო მათი მხრიდან ნების გამოვლენა, თუმცა თუ მათ სურთ მოშალონ ქირავნობა, მათ გააჩნიათ ამის უფლება, ქირავნობის მოშლისათვის გათვალისწინებული სამ თვიანი ვადის დაცვით.