#29033
BLH
Keymaster

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა

(სუსგ.N-1299-1266-2012)

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ (N-2/ბ-796 01.08.12) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (N-2/57 01.06.12) გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას იხელმძღვანელა სკ-ის 1212-ე, 1214-ე მუხლებით, 1221-ე მუხლის მეორე ნაწილით და, მოპასუხის გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მის მიერ გადასახადი საბანკო კრედიტის საფასურის გათვალისწინებით, გონივრულად მიიჩნია, დაკისრებული ალიმენტის 20 ლარით გაზრდა.

საკასაციო სასამართლოს განმარტება: ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც მშობლების, ისე _ შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, რის შედეგადაც დაადგენს ალიმენტის ობიექტურ ოდენობას, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანის რეალურ და აუცილებელ მოთხოვნილებებს. მართალია, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ამ უკანასკნელის კმაყოფაზე იმყოფება ახალ ქორწინებაში შეძენილი ორი არასრულწლოვანი შვილი. სადავო ალიმენტის ოდენობაზე, სასამართლოს განმარტებით, გავლენას ვერ მოახდენს მოპასუხის მიერ ყოველთვიურად კრედიტის დასაფარად დადგენილი გადასახადის გადახდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და მიიღო ახალი გადაწყვეტილება სადავო ალიმენტის 40 ლარით გაზრდის თაობაზე.