#29018
BLH
Keymaster

შემკვეთის მიერ ხელშეკრულების მოშლისას დამდგარი ზიანი

(სუსგ. № 3კ-572-03) აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში, შემკვეთის მიერ ნარდობის ხელშეკრულების მოშლას, სკ-ის 631.2-ე მუხლის საფუძველზე.

ფაქტობრივი გარემოებები: მხარეებს შორის დაიდო ორი ნარდობის ხელშეკრულება სკოლების მშენებლობის თაობაზე. ორივე ხელშეკრულების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენდა 27000 აშშ დოლარს, ამ თანხიდან მენარდეს ავანსის სახით მიღებული ჰქონდა 7000 აშშ დოლარი.

მენარდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ბოლომდე არ შეუსრულებია იმის გამო, რომ დამკვეთმა ვადაზე ადრე შეწყვიტა ხელშეკრულება.

სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება ზარალის ჩათვლით 102123 ლარს შეადგენს (ექსპერტის დასკვნა). მათ შორის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, მუშახელისა და მექანიზმების მოცდენის გამო მიყენებული ზიანი 28114 ლარის ტოლია. მოპასუხე მართალია, არ ეთანხმება არც შესრულებული სამუშაოების ღირებულების ექსპერტისეულ გაანგარიშებას და არც ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრას, მაგრამ მას საწინააღმდეგო მტკიცებულებები არც რაიონულ სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენია.

უზენაესი სასამართლოს განმარტება: ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების არსებობას. სკ-ს 629-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა ის სამუშაოები, რომელიც ხელშეკრულებაში იყო მითითებული, ხოლო შემკვეთს გადაეხადა 27000 დოლარი.

სკ-ს 631-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახარჯვის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მენარდისათვის წინასწარვე ცნობილი იყო გადახარჯვის შესაძლებლობა (იგი ტენდერში გამარჯვებული საზოგადოებაა და ხარჯთაღრიცხვა მის მიერვე შეგნებულად დაბალ ფასებში იყო გაანგარიშებული) მას უფლება არა აქვს ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბებისათვის მოითხოვოს შეთანხმებულ საზღაურზე მეტი.

მოცემულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ შემკვეთმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებამდე ვადაზე ადრე შეწყვიტა ხელშეკრულება სკ-ს 633-ე მუხლის შესაბამისად, მენარდეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება სამუშაო ვადის სხვაგვარი გამოყენებით მიუღებელი შემოსავლისათვის, მაგრამ ეს ზიანი არ შეიძლება სცდებოდეს ხელშეკრულებით შეთანხმებულ ხარჯთაღრიცხვას, ვინაიდან ხარჯთაღრიცხვაში სხვა საკითხებთან ერთად სამუშაო ძალის გამოყენების საზღაურიც შედის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 633-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არასწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ს 394-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 409-ე მუხლი.

სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ს 411-ე მუხლი, სწორად განმარტა იგი, მაგრამ ამ მუხლის შესაბამისად არასწორად განსაზღვრა ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა. სკ-ს 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვის. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მენარდემ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მიიღოს დანარჩენი 20000 აშშ დოლარი, რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა შემკვეთს, ანუ ვადაზე ადრე რომ არ შეეწყვიტა ხელშეკრულება (დადგენილია, რომ ავანსის სახით მენარდეს მიღებული აქვს 7000 აშშ დოლარი).