მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › შრომის სამართალი › Reply To: შრომის სამართალი
შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლების შეტყობინების ვალდებულება
სუსგ. N-ას-953-1232-09
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დასაქმებული ვალდებულება აცნობოს დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლის არსებობის შესახებ.
შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებით კანონმდებელი ითვალისწინებს ისეთ ობიექტურ გარემოებებს, რომელიც პირის ნებისაგან დამოუკიდებლად შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სამუშაოს შესრულების შეუძლებლობას იწვევს.
სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო შებოჭვის მდგომარეობაში, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დროსაც. მათ მხრიდან სახელშეკრულებო მოვალეობების შესრულების ცალმხრივად შეწყვეტა დაუშვებელია, გარდა კანონით ან ხელშეკრულებით შეთანხმებული შემთხვევებისა.
სამოქალაქო სამართალი (394-ე მუხლის პირველი ნაწილი) და მათ შორის შრომის სამართალიც (36-ე მუხლი) ითვალისწინებს ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას. კანონი ასეთ შემთხვევაში პირს ვალდებულების დამრღვევად არ რაცხავს და ათავისუფლებს მას სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. თუმცა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაშიც მხარე ვალდებულია, აცნობოს მეორე მხარეს შექმნილ გარემოებათა თაობაზე. ასეთი ვალდებულება მომდინარეობს როგორც სამოქალაქო სამართლის ძირითადი კეთილსინდისიერების პრინციპიდან, ასევე კანონიდანაც, (მაგ: სამოქალაქო კოდექსის 318-ე მუხლი).
დამსაქმებლისათვის ინფორმირება ხელშეკრულების შეჩერების საფუძვლების წარმოშობის თაობაზე შესაძლებელს ხდის, დამსაქმებელმა დროულად იზრუნოს შეჩერებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრაზე, თავიდან აირიდოს მოსალოდნელი ზიანი და აუცილებლობის შემთხვევაში, დასაქმებულისათვის დაკისრებული სამუშაოს შესრულება სხვა პირს დაავალოს.