#28942

შრომითი ურთიერთობის წარმოშობა

 

შრომითი ურთიერთობის წარმოშობა დაკავშირებულია შრომითი ხელშეკრულების დადებასთან. შრომითი ხელშეკრულების დადება წარმოშობს დასაქმებულისა და დამსაქმებლის შრომით-სამართლებრივ უფლება-მოვალეობებს ერთმანეთის მიმართ, იმ შრომის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რომელზეც ისინი შეთანხმდებიან.

ამდენად, შრომითი ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როდესაც მხარეები შეთანხმდებიან შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებზე, კანონით დადგენილი ფორმით. ფორმის განსაზღვრა მჭიდროდ არის დაკავშირებული შრომის ხელშეკრულების ვადასთან, ამიტომაც მისი განსაზღვრაც უმნიშვნელოვანესია.

შრომითი ხელშეკრულების ფორმა შეიძლება იყოს, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი.

შრომითი ხელშეკრულების ვადა, შეიძლება იყოს, როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი.

შრომითი ხელშეკრულება აუცილებლად წერილობითი ფორმით უნდა გაფორმდეს, თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება 3 თვეზე მეტ ხანს.

შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით შეიძლება დაიდოს მხოლოდ მაშინ, როცა იგი იდება 1 წლით ან მეტი ვადით ან სახეზეა რომელიმე შემდეგი გარემოება:

ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო;

ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო;

გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება;

დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;

ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.

შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი/უვადო არის, როდესაც ამაზე შეთანხმდებიან მხარეები, ან:

ა. შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით,

ბ. შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს.

ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.