#28938

შრომის კოდექსის საწინააღმდეგო პირობის ბათილობა

 

შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით:

“შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას.”

მოცემული დანაწესი, ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული თვალსაზრისით, რადგან იგი კრძალავს ნებისმიერი ისეთი პირობის ჩადებას შრომით ხელშეკრულებაში, რომელიც შრომის კოდექსში განსაზღვრული სამართლებრივი რეგულაციების საწინააღმდეგოდ აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას.

თვალსაჩინოებისათვის, მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი:

მაგ: ბათილი იქნება პირობა, რომელიც შეზღუდავს დასაქმებულის უფლებას ნებისმიერ დროს, საფუძვლის მითითების გარეშე, შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა.

მაგ: ბათილი იქნება პირობა, რომლის მიხედვითაც დასაქმებულს დაეკისრება ჯარიმა, თუ იგი შეწყვეტს შრომით ურთიერთობას, ხელშეკრულებით დადგენილ ვადამდე.

მაგ: ბათილი იქნება პირობა, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელი უფლებამოსილი იქნება შეწყვიტოს შრომის ხელშეკრულება, განსხვავებული საფუძვლებითა და წესით, რაც გათვალისწინებულია შრომის კოდექსში.

მაგ: ბათილია პირობა, რომელიც ცვლის ზეგანაკვეთური სამუშაოს მიმართ არსებულ, შრომითი კოდექსით დადგენილ, ანაზღაურების წესს.