#28825
Crassus
Participant

დირექტორის პასუხისმგებლობა ინტერესთა კონფლიქტის დროს 

(უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-848-806-2013)

მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანაკნელი ნორმა ზოგადად განსაზღვრავს საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობას ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევისა და საწარმოს არაკეთილსინდისიერად (საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგოდ) მართვისათვის, ხოლო სამოქალქო კოდექსის 411-ე მუხლი წარმოადგენს იმ სამართლებრივ ნორმას, რომელსაც შეიძლება დავუკავშიროთ ის კონკრეტული  მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი _ ზიანის ანაზღაურება, რომლის დადგომაც სურს სარჩელით მოსარჩელეს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით.