#28794
BLH
Keymaster

საწარმოს კრების ოქმის გაუქმება

(ას-1007-1205-08)

“საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა პრეტენზია მიმართულია შპს ფირმა «კ-ის» გამგეობის კრების იმ გადაწყვეტილებებზე, რომლითაც შეილახა მათი, როგორც აქციონერთა ქონებრივი უფლებები, ვინაიდან აქცია წარმოადგენს საკუთრების ობიექტს და, შესაბამისად, მასზე უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. ამდენად, აქციონერები პრეტენზიას აცხადებდნენ არა კრების ჩატარების კანონიერებაზე, არამედ ამ კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით მათი უფლებების უხეშ დარღვევაზე.

შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-15 მუხლის არა 1-ელი, არამედ მე-2 ნაწილი, როგორც ეს იქნა მითითებული ანალოგიური საქმეებზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 17 ივლისის ¹3კ/1209-02 და 2006 წლის 24 მარტის ¹ას-474-788-05 განჩინებებით.

«მეწარმეთა შესახებ» კანონის 1.1 მუხლი განსაზღვრავს ამ კანონის მოქმედების სფეროს. კანონი არ არეგულირებს მთლიანად სამეწარმეო საქმიანობას და მასთან დაკავშირებულ ყველა ურთიერთობას. «მეწარმეთა შესახებ» კანონი შემოიფარგლება მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეთა მოწყობის, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების განსაზღვრითა და მასთან დაკავშირებული საკითხებით. აქედან გამომდინარე, მე-15 მუხლის მეორე ნაწილში მითითებული ხანდაზმულობის ვადა ძირითადად დაკავშირებულია «მეწარმეთა შესახებ» კანონის დანაწესების საფუძველზე განსაზღვრული კრების მოწვევისა და ოქმის შედგენის პროცედურულ საკითხებზე პრეტენზიების წარდგენასთან. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები სადავოდ მიიჩნევენ არა სამეწარმეო საქმიანობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობას, არამედ სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობას, კერძოდ, სარჩელის მოთხოვნა (დავის საგანი) ქონებრივი ხასიათისაა და მოსარჩელეები  სააქციო საზოგადოების აქციონერები, ითხოვენ დარღვეული ქონებრივი უფლებების აღდგენას არაუფლებამოსილი პირის (გამგეობის) მიერ დადებული გარიგების (გადაწყვეტილების) საფუძველზე განხორციელებული აქციების არაკანონიერად გადაცემის გაუქმებას. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.”