მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სანივთო სამართალი › Reply To: სანივთო სამართალი
ავტომობილზე საკუთრების უფლების გადასვლა
ზოგადი წესის თანახმად, თუ ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი მოძრავი ნივთია, იგი შეიძლება დაიდოს ნებისმიერი, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ავტომობილი წარმოადგენს მოძრავ ნივთს, ამავდროულად რაიმე სპეციალური მითითება ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის შესახებ არ არსებობს, ამიტომაც მისი დადება შეიძლება, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, ამავდროულად ავტომობილზე საკუთრების უფლების გადასვლისათვის, არ არის საჭირო აღნიშნული ფაქტის რეგისტრაცია.
ამ საკითხთან დაკავშრებით არსებობს მყარი უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა: უზენასმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (სუსგ N ას-1363-1381-2011) განმარტა:
„საკასაციო პალატა კასატორის პოზიციის საწინააღმდეგოდ მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრქტიკას (იხ. ¹ას-914-954-2011 27 ოქტომბერი, 2011 წელი), რომლის თანახმად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: «საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას. რაც შეეხება «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონს, პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნული კანონით იმპერატიულად დადგენილია სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, რაც თავისთავად არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება.».“
ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა ასევე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N ას-214-548-07, სადაც სასამართლო განმარტავს:
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ აქტს. ამ ვალდებულების განხორციელება წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ აუცილებელ პირობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და არა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის.
სკ-ის 186-ე მუხლი განსაზღვრავს მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის წესს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის, თანახმად, ნივთის ჩაბარებად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.
ამასთან ერთად საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ნივთის მხოლოდ ფაქტობრივი გადაცემა არ არის საკმარისი მასზე საკუთრების წარმოშობისათვის. სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
ამდენად, მოქმედი კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: მესაკუთრის ნამდვილი უფლების პრეზუმფცია და ნივთის გადაცემა.
