#28555
BLH
Keymaster

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილი

ვალდებულების გარეშე გადაცემულის უკან დაბრუნება

„პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:

ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.“

მოცემულ ნორმაში განსაზღვრულია უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთი სპეციალური შემთხვევა, რომელიც პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გვხვდება, კერძოდ ეს ისეთი შემთხვევაა, როცა ერთი პირი ვალდებულების შესრულების მიზნით მეორე პირის მიმართ განახორციელებს შესრულებას, თუმცა ობიექტურად მას აღნიშნულის ვალდებულება არ გააჩნია, შესაბამისად შესრულების მიმღები უსაფუძვლოდ მდიდრდება.

მაგ: მარიამმა ნიკასთან დადო მიწის ნაკვეთზე ნასყიდობის ხელშეკრულება ზეპირად და გადაიხადა 10.000 დოლარი. ასეთ შემთხვევაში ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება იქნება ბათილი, რადგან ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუცილებლად წერილობითი ფორმით.

რა სამართლებრივი საფუძვლით შეუძლია მარიამს დაიბრუნოს ნიკასთვის გადაცემული 10.000 დოლარი?

მარიამის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი იქნება სწორედ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი.

განხილული მაგალითის ფარგლებში ჩვენ მიმოვიხილეთ ისეთი სიტუაცია, როცა გარიგება თავიდანვე არ არსებობდა, იგი საერთოდ არ არსებობდა ბათილობის გამო. გარდა ასეთი შემთხვევისა, სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი მოიცავს სხვა შემთხვევბსაც:

  1. ვალდებულება არ არსებობს, თუმცა სახეზე არ გვაქვს გარიგების ბათილობა – მაგ: სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც: „გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი.“
  1. ვალდებულება წარმოიშვა, თუმცა შემდგომში შეწყდა. მაგ: ნიკას აიძულეს ჩუქების ხელშეკრულებით გადაეცა მარიამისთვის 10.000 დოლარი. ასეთ შემთხვევაში გარიგება ნამდვილი იქნება, თუმცა ნიკას ექნება მისი გაბათილების მოთხოვნის უფლება სკ-ის 85-ე მუხლის მიხედვით.

თუ ნიკა ამ უფლებას გამოიყენებს, მას უფლება ექნება სკ-ის 976-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვოს მისთვის 10.000 დოლარის დაბრუნება.

იმ პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით განსაზღვრული „საფუძვლის გარეშე“ შესრულება, ეწოდება ვითომ-კრედიტორი, რომელიც ვალდებულია დააბრუნოს უსაფუძვლოდ მიღებული საგანი, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც ფული, ისე სხვა მოძრავი ნივთი.

სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით:

„ვითომ-კრედიტორი“ ვალდებულია დააბრუნოს აგრეთვე ვალდებულების შესრულების ანგარიშში მიღებული თანხა ან სხვა ქონება, თუ ვალდებულების საწინაამღვდეგო ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე მისგან მეორე მხარისთვის რაიმე მოთხოვნის წარდგენა.

ამ შემთხვევაში ფაქტობრივად არ არსებობს ვალდებულება, ანუ შესაგებელმა გამორიცხა ვალდებულება.