#28478
BLH
Keymaster

რა არის სანივთო სამართალი?

სანივთო სამართალი წარმოადგენს იმ ნორმათა ერთობლიობას, რომლებიც განსაზღვრავენ სასაქონლო სიკეთეებზე (ნივთებზე და არამატერიალურ ქონებაზე) ადამიანთა და იურიდიულ პირთა ბატონობის პირობებს.

ერთ–ერთი მთავარი განსხვავება სანივთო და ვალდებულებით სამართალს შორის მდგომარეობაში, იმაში,რომ სანივთო უფლება აბსოლუტურია. ვალდებულებითი კი შეფარდებითი (რელატიური). ეს კი იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტური უფლების მატარებლის წინაშეა ყველა პირი, როგორც ვალდებული პირი, მაშინ როცა შეფარდებითი უფლების მატარებელს უპირისპირდება განსაზღვრული პირი,როგორც კონკრეტული უფლება–მოვალეობათა სუბიექტი.

აბსოლუტური უფლების მაგალითი:  ბინის მესაკუთრე უფლებამოსილია ნებისმიერ პირს მოსთხოვოს თავისი საკუთრების ხელყოფის შეწყვეტა.

შეფარდებითი ურთიერთობის მაგალითი:  გამსესხებელი უფლებამოსილია სესხის დაბრუნება მოსთხოვოს მხოლოდ იმ პირს, ვისთანაც დადებული აქვს სესხის ხელშეკრულება.

სანივთო უფლებები,numerous clausus”-პრინციპითაა განსაზღვრული. ანუ არსებობს იმდენი სანივთო უფლება, რამდენიც კანონით არის აღიარებული. ესენია: საკუთრება,აღნაგობა,სერვიტუტი,უზუფრუქტი,გირავნობა,იპოთეკა.

სანივთო უფლების  სხვა თავისებურებად შეიძლება ჩაითვალოს მისი საჯაროობა.სანივთო უფლება ადვილად შესამჩნევი ხდება ყოველი დაინტერესებული პირისათვის, ეს კი მიიღწევა სანივთო უფლებათა საჯარო რეესტრში რეგისტრაციით, რასაც ვერ ვიტყვით ვალდებულებითი უფლებების შესახებ. თუმცა მათი რეესტრში რეგისტრაციაც არის შესაძლებელი და ზოგიერთ შემთხვევაში სავალდებულოც.

მაგ: ქირავნობის/იჯარის ხელშეკრულება, რომელიც 1 წელზე მეტი ვადით არის დადებული, სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარება საჯარო რეესტრში.

სანივთო უფლებას მიყოლის თვისება ახასიათებს, რაც ნიშნავს, რომ სანივთო უფლება მიყვება ნივთს, როცა ის სხვის ხელში გადადის.

მაგ: როცა ბინა იპოთეკით იტვირთება, მისი გასხვისება მესაკუთრეს შეუძლია, თუმცა გაყიდული ბინა ახალ მესაკუთრეზე გადადის იპოთეკის უფლებით დატვირთული.