#28439
BLH
Keymaster

ხელშეკრულების დომინანტი მხარე (N- ას-505-889-06)

უზენაესმა სასამართლომ გააკეთა განმარტება ხელშეკრულების დადების/შინაარსის თავისუფლების შეზღუდვაზე, როცა ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე დომინანტური მდგომარეობის მქონეა.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარეს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი – სს «საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია», რომელსაც დომინირებული მდგომარეობა უკავია ბაზარზე და რომელიც ვალდებულია‚ მომხმარებელს შესთავაზოს სამართლიანი სახელშეკრულებო პირობები და ბოროტად არ გამოიყენოს თავისი ძალაუფლება (სკ-ის 319-ე მუხლის მეორე ნაწილი).

ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ ვითარებასაც, რომ ენერგოკომპანია მომხმარებელთან თავის საქმიანობას ახორციელებს რა ნორმატიული აქტების საფუძველზე, იგი გარკვეულწილად შეზღუდულია და ამ წესებს ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, მომხმარებელს, როგორც ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, ენერგოკომპანიასთან მიმართებაში თანასწორი უფლებები გააჩნია და მას არ შეიძლება მომეტებული ვალდებულება დაეკისროს.

სადავო საკითხის განხილვისას ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მოცემულ შემთხვევაში კონტრაჰენტს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელსაც ასეთი საქმიანობის განხორციელების უფლება განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში სახელმწიფოსგან გაცემული სპეციალური ნებართვის საფუძველზე, მხოლოდ მას აქვს მოპოვებული. ბუნებრივია, ასეთი უფლების მოპოვება პრეზუმირებულს ხდის კონტრაჰენტის მზაობას და შესაძლებლობას, ხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს მომხმარებელს და სათანადო ანაზღაურების მიღების მიზნით მომხმარებელთან ერთად იზრუნოს ელექტროენერგიის აღრიცხვის ხელსაწყოების ვარგისიანობაზე. მით უმეტეს, როდესაც ამგვარი მოქმედების განხორციელება (მრიცხველის ბრჯენებით აღჭურვა) სპეციალისტის ჩარევას მოითხოვს. ამდენად, სს «საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია-ს» ელექტროენერგიით მომარაგების ბაზარზე უკავია რა დომინირებული მდგომარეობა, მას არ შეუძლია კონტრაჰენტს უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების არათანაბარი პირობები.