#28437
BLH
Keymaster

შედარების აქტი, როგორც ხელშეკრულება?  (ას-373-771-06)

 

მოსარჩელემ მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთ საფუძვლად მიუთითა საქმეში წარმოდგენილი 2004წ. 23 ივნისის «შედარების აქტი» და სკ-ის 341-ე მუხლის თანახმად მიიჩნია იგი მოპასუხის მიერ ვალის არსებობის აღიარებად.

 

საქმეში წარმოდგენილ 2004წ. 23 ივნისის შედარების აქტში მითითებულია, რომ 2004წ. 1 ივნისის მდგომარეობით სს «გუმათჰესების კასკადის» დავალიანება პროფკავშირისადმი შეადგენს 32280 ლარს, 16140 ლარი ეკუთვნის დარგობრივ პროფკავშირულ ორგანიზაციას, ხოლო 16140 ლარი პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას. სკ-ის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალის არსებობის აღიარება ხელშეკრულებას წარმოადგენს. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებიული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის შესახებ ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთახმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე.

 

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნულ შედარების აქტში არ არის მითითებული მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ისეთ არსებით პირობებზე, როგორიცაა მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითად უფლება-მოვალეობებზე, ფასსა და ვადაზე. შესაბამისად, ასეთი აქტი ვერ ჩაითვლება მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებად.