#28416
BLH
Keymaster

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახეები

1. გამოცემის ფორმის მიხედვით

ინდივიდუალური აქტი შეიძლება გამოიცეს:   წერილობითი ან ზეპირი ფორმით (ზაკ. 51.1).

ამავდროულად ინდ. აქტის გამოცემა შესაძლებელია სხვა ფორმითაც, მათ შორის დუმილით, უმოქმედობით და სხვა საშუალებებით.

მაგ: პირმა მოითხოვა სამშენებლო ნებართვის გაცემა, ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილ ვადაში არ გამოსცა აქტი, არც ნებართვის მიცემის შესახებ და არც უარის განცხადების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობა ჩაითვლება ინდ. აქტის გამოცემად, ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

მაგ: შუქნიშნის ფუნქციონირებისას ინდ. აქტი გამოიცემა მაშუქი სიგნალის ანთებით (მწვანე, წითელი და ყვითელი შუქის ანთება წარმოადგენს ინდ. აქტს).

მაგ: პოლიციელის მიერ საგზაო მოძრაობის რეგულირების დროს, კონკრეტული მიმართულებით სვლის აკრძალვა წარმოადგენს ამკრძალავ ინდ. აქტს.

2. ურთიერთობის შინაარსის მიხედვით

ა. კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დამდგენი- აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობას. მაგ: ლიცენზიის გაცემა, ნებართვის გაცემა, ფულადი დახმარების გაცემა.

ბ. პირის უფლების დამდგენი- ადგენს პირის უფლებებს ან საგნის სამართლებრივად მნიშვნელოვან თვისებებს. მაგ:  პირის დევნილად ცნობა და პენსიის დანიშნვა, უნარ შეზღუდულად ცნობა, სოციალურად დაუცველად ცნობა და ა.შ.

გ. მავალდებულებელი აქტი-  ადგენს გარკვეულ წესს, რომლის შესრულებაც სავალდებულოა. მაგ: პოლიციელის მიერ პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, კონკრეტულ ადგილზე პირის არ შეშვება ან ნივთის/ავტომობილის სარგებლობის დროებით შეზღუდვა.

3. ადრესატზე ზემოქმედების მიხედვით

ა. აღმჭურველი – ინდ. აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს გარკვეულ უფლებას ან/და სარგებელს (ზაკ 2.1.“ვ“)

მაგ: ნებართვა, ლიცენზია, პენსია, ფულადი კომპენსაცია და ა.შ.

ბ. შემზღუდველი(ამკრძალავი)-  ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, გარკვეული ქმედების აკრძალვის ან ქმედების განხორციელების დავალდებულების გზით.

მაგ: აქციის-მანიფესტის ჩატარების აკრძალვა,  გარკვეულ ადგილზე გადაადგილების შეზღუდვა და ა.შ.

გ. ორმაგი ზემოქმედების მქონე- ინდ. აქტი შეიძლება ერთდროულად იყოს, როგორც შემზღუდველი ერთი პირისათვის, ისე აღმჭურველი – მეორე პირისათვის.

მაგ: როცა ხორციელდება პოლიციელის მხრიდან პირების ბინიდან გამოსახლება. ასეთ შემთხვევაში ბინიდან გამოსახლების შესახებ ინდ. აქტი წარმოადგენს სარგებლის მომტანს მესაკუთრისათვის, ხოლო იმ პირებისათვის, ვისი გამოსახლებაც ხორციელდება ეს აქტი იქნება შემზღუდველი.