მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამოქალაქო პროცესი › Reply To: სამოქალაქო პროცესი
აუდიო ჩანაწერის, როგორც მტკიცებულების ბუნება (სუსგ. ას-1154-1416-09)
ფაქტობრივი გარემოებები: სისხლის სამართლის პროცესში დაუშვებლად იცნო აუდიო ჩანაწერი, როგორც მტკიცებულება და მოწინააღმდეგე მხარე ამტკიცებდა, რომ ვინაიდან სისხლის სამართლის პროცესში დაუშვებლად იცნოო, მაშინ სამოქალაქო პროცესშიც დაუშვებლად უნდა ვცნოთო.
უზენაესის განმარტება ამ საკითხზე: სისხლის სამართალი და სამოქალაქო სამართალი სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებენ და განსხვავებულია მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმებიც სისხლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო სამართალში. სისხლის სამართალში, სადაც ორივე დაპირისპირებული მხარე არ არის კერძო სამართლის სუბიექტი, გადამწყვეტია, რომ ბრალდების მხარემ ბოროტად არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება, არ იმოქმედოს თვითნებურად და არ დაარღვიოს ადამიანის უფლებები, საბოლოოდ, არ დაისაჯოს უდანაშაულო ადამიანი. მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხიც სწორედ ამ მიდგომიდან გამომდინარე წესრიგდება, ამიტომ აქ ბრალდების მხარისათვის დაკისრებული მტკიცების სტანდარტი უფრო მკაცრია, ვიდრე დაცვის მხარისთვის.
აღნიშნულის გამოხატულებაა ისიც, რომ სისხლის საპროცესო სამართალში ერთი და იგივე მტკიცებულება ერთ შემთხვევაში შეიძლება დაუშვებელ მტკიცებულებად ჩაითვალოს, თუკი ბრალდების დასადასტურებლად გამოიყენება, ხოლო მეორე შემთხვევაში _ არა, თუკი განსასჯელის გამართლებას ემსახურება. სამოქალაქო საპროცესო სამართალში ასეთი პრობლემატიკა არ დგას, რამდენადაც აქ ურთიერთდაპირისპირებულია კერძო სამართლის სუბიექტები, რომელთაც თანაბარი საპროცესო შესაძლებლობები აქვთ თავის დასაცავად.
უზენაესისი განმარტება აუდიო ჩანაწერის მტკიცებულებით ბუნებაზე:
“აუდიოჩანაწერი შეიძლება განიმარტოს, როგორც საქმესთან დაკავშირებული გარემოებების დამტკიცების საშუალება ხმის ან სხვა ხმოვანი სიგნალის სპეციალურ ტექნიკურ საშუალებაზე ფიქსაციის მეშვეობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აუდიოჩანაწერს არ განიხილავს მტკიცებულების დამოუკიდებელ სახედ. მას მოიცავს ნივთიერი მტკიცებულებების ცნება და განიხილება როგორც ნივთიერი მტკიცებულებების ერთ-ერთი სახე.”
“აუდიოჩანაწერი დასაშვები მტკიცებულებაა საქმეზე, რომელიც უნდა შეფასდეს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და არ წარმოადგენს აღიარებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად.”
“სადავო აუდიოკასეტის მტკიცებულებად დაშვების საკითხი განსახილველ სამოქალაქო საქმეზე უნდა გადაწყდეს სამოქალაქო პროცესის ნორმების საფუძველზე. კასატორი ვერ ასაბუთებს ამ შემთხვევაში აუდიოჩანაწერის კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებად მიჩნევას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილი).მოცემული აუდიოჩანაწერი არ შეიცავს მხარეთა პირადი საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, ისეთ კონფიდენციალურ ფაქტებს, რასაც დაუკავშირდებოდა მოსარჩელის სუბიექტური ინტერესი, რომ მისი საუბარი სხვა პირთათვის არ გახდეს ცნობილი.”
დასკვნა: 1. სისხლის სამართლის პროცესში და სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებების დასაშვებობის სხვადასხვა სტანდარტი მოქმედებს. 2. აუდიო ჩანაწერი მიეკუთვნება ნივთიერი მტკიცებულებების კატეოგრიას და იგი დასაშვებია, თუ მისი მოპოვება არ მოხდა კანონის დარღვევის გზით, ან თუ იგი შეიცავს პირად ცნობებს (იხ. ზემოთ განმარტება)