#28370

შემკვეთის მიერ ხელშეკრულების მოშლა სამუშაოს ნაკლის არსებობისას

(სუსგ. N- ¹ას-889-1175-09) მოცემული გადაწყვეტილება ეხება სამუშაოს ნაკლის გამო შემკვეთის მიერ ხელშეკრულების მოშლასა და ზიანის ანაზღაურების საკითებს. განმარტებული ნორმები– სკ-ის 644 და 638-ე მუხლები.

ფაქტობრივი გარემოებები: მენარდეს უნდა შეესრულებინა 371.5 კვ.მ-ზე სამუშაო თითოეული კვ. მ-ს ფასი 200 დოლარის მოცულობით, სულ 74.300 დოლარის სამუშაო.  სამუშაოს შესრულდა ნაკლიანად, შემკვეთმა მოშალა ხელშეკრულება და თვითონ გამოასწორა ნაკლი, შედეგად მან გადაუხადა მენარდეს მხოლოდ 48.500 დოლარი. მენარდემ მოითხოვა დარჩენილი თანხის ანაზღაურება, ხოლო შემკვეთმა უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ნაკლის გამოსოწრებისათვის მას დაეხარჯა 25.000 დოლარი. უზენაესმა სასამართლომ მხოლოდ 9.000 დოლარის ხარჯი ცნო და დანარჩენი 16.800 დოლარის ანაზღაურება დაავალა შემკვეთს მენარდის მიმართ.

უზენაესის განმარტება: “მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტისას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ხარვეზებით შესრულების ფაქტის არსებობა. სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლი უფლებას აძლევს შემკვეთს, 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულების მოშლის შედეგად კი, ამავე კოდექსის 352-ე მუხლი ითვალისწინებს ორმხრივ რესტიტუციას, ანუ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ.”

“მოცემულ შემთხვევაში უდავოა ის გარემოებაც, რომ მენარდემ სამუშაოების ნაწილი შეასრულა, რაც მას აძლევს უფლებას, მოითხოვოს გასამრჯელოს ნაწილი, რომელიც შეესაბამება მის ადრინდელ მომსახურებას (სამოქალაქო კოდექსის 638-ე მუხლი). ამავდროულად, მენარდე ვალდებულია, აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულების მოშლის შედეგად გამოწვეული ხარჯები, რაშიც უპირველესად იგულისხმება მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ნაკლის გამო გაწეული ხარჯები.”

“სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მენარდემ ხელშეკრულების შესაბამისად შეასრულა 371,5 კვ.მ სამუშაოს მოცულობა, რომლის ღირებულება ხელშეკრულებითვე თითოეული კვადრატული მეტრისათვის 200 აშშ დოლარია. შემკვეთს გადახდილი აქვს 48 500 აშშ დოლარი. სასამართლომ დაადგინა, რომ შემკვეთის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორებისთვის და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულებისათვის დახარჯულ იქნა 9 000 აშშ დოლარი. სასამართლოს ეს დასკვნა ეყრდნობა მოსარჩელე მხარის _ შპს “მშენებელი-2007-ის” მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ამ ოდენობის სამუშაოთა ჩატარების აღიარებას. ა.გ-ძე სადავოდ ხდის რა ამ გარემოებას, უთითებს, რომ მის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორებისთვის და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულებისათვის შესრულებულია 25 000 აშშ დოლარის სამუშაო, თუმცა არც სააპელაციო და არც საკასაციო საჩივარში ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.”