#28363
Crassus
Participant

შემკვეთის მიერ ხელშეკრულების მოშლისას დამდგარი ზიანი

(სუსგ N- ას-87-82-2010)  ეს გადაწყვეტილება ეხება სწორედ ზიანის ანაზღაურების საკითხს, როცა შემკვეთი სკ-ის 636-ე მუხლის საფუძველზე ცალმხრივად მოშლის ნარდობის ხელშეკრულებას.

პირველი ინსტანციის განმარტება: იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის საფუძველზე შპს “საქართველოს რკინიგზას” უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა შეთანხმებული მოცულობის სამუშაოს შესრულებაზე და აენაზღაურებინა მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობა, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან 394-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელეს ხელშეკრულების მოშლით არ განუცდია რაიმე ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის შინაარსი გულისხმობს მენარდისათვის ხელშეკრულების მოშლით მიყენებული რეალური ზიანის ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის და არა იმ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, რასაც მენარდე შემკვეთის სრული მოცულობის შესრულების მიღების შედეგად ვარაუდობდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტება:  სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენი” მიიჩნევდა, რომ შპს “საქართველოს რკინიგზამ” დაარღვია ხელშეკრულების პირობები და აღძრული სარჩელით მოითხოვდა შპს “საქართველოს რკინიგზისათვის” იმ მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას, რომელსაც იგი მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუკი სრული მოცულობით შეასრულებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის შინაარსი და სწორად მიიჩნია, რომ იგი შეეხებოდა მენარდისათვის ხელშეკრულების მოშლით მიყენებული რეალური ზიანის  ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის (სამუშაოს შესასრულებლად, ან მოსამზადებლად უკვე გაწეული ხარჯები და სხვა) და არა იმ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, რომლის მიღებასაც მენარდე შემკვეთის სრული მოცულობით შესრულების შედეგად ვარაუდობდა.

უზენაესი სასამართლოს განმარტება: საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი. აღნიშნული ნორმა შეეხება ნარდობის ხელშეკრულების მოშლის საკითხს და ადგენს, რომ შემკვეთს უფლება აქვს, სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ ნორმაში მითითებულ “ზიანში” იგულისხმება მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი და არა მიუღებელი შემოსავალი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ნორმის ამგვარად განმარტების საფუძველი. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. 636-ე მუხლიდან არ გამომდინარეობს, რომ იგი ნარდობის ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების საკითხს სხვაგვარად არეგულირებს და მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას მხარეს არ ანიჭებს.