#28137
BLH
Keymaster

საგარანტიო ვადა და შემკვეთის უფლებამოსილება

შესრულებულ სამუშაოს შეიძლება გააჩნდეს ხილული და უხილავი ნაკლი. ისინი იმით განსხვავდება, რომ ხილული ნაკლის შემჩნევა და შემოწმება შესაძლებელია სამუშაოს ჩაბარების მომენტში, ხოლო უხილავი ნაკლი ვლინდება დროთა განმავლობაში და მისი შემჩნევა მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

შეიძლება სამუშაო ჩაბარდეს შემკვეთს და მას არ გააჩნდეს ხილული ნაკლი, თუმცა დროთა განმავლობაში გამოვლინდეს უხილავ ნაკლი, ასეთ შემთხვევაში შემკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ნაკლის გამოსწორება.

მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ საგარანტიო ვადაზე, რომლის ფარგლებშიც გამოვლენილი უხილავი ნაკლის გამოსწორების ვალდებულება გააჩნია მენარდეს.

მაგ: შპს „კომპიუტერმა“ ნიკას დაკვეთით შეაკეთა ლეპტოპი და მისცა ამ უკანასკნელს 2 თვიანი საგარანტიო ვადა. ამ ორ თვეში თუ გამოვლინდება, რაიმე დეფექტი ლეპტოპის შეკეთებასთან დაკავშირებით, მაშინ ნიკას გაუჩნდება გარკვეული მოთხოვნები მენარდის მიმართ.

თუ საგარანტიო ვადაში ვერ მოხდება ნაკლის აღმოჩენა და ამ ნაკლის შესახებ შეტყობინება, შემკვეთს აღარ ექნება მოთხოვნები სამუშაოს ნაკლის გამო.

საგარანტიო ვადაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შემკვეთისთვის შემდეგ უფლებებს:

(იხ. სუსგ №ას-1118-1065-2013) სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მითითებული კოდექსის 653-ე მუხლის თანახმად თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა, მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,შესაბამის უფლებებში” კანონმდებელი გულისხმობს შემკვეთის შემდეგ უფლებებს:

ა) მოითხოვოს დამატებითი შესრულება, რაც გულისხმობს მენარდის მიერ, საკუთარი ხარჯებით, ნაკლის აღმოფხვრას, ან – ახალი ნაკეთობის დამზადებას (იმავე კოდექსის 642-ე მუხლი);

ბ) დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება (იმავე კოდექსის 643-ე მუხლი);

გ) ნაკეთობის ნაკლის გამო უარის თქვას ხელშეკრულებაზე (კოდექსის 644-ე მუხლი);

დ) შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (კოდექსის 645-ე მუხლი).