#28131

უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება

თუ სამუშაო მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მენარდე ვალდებულია გადასცეს შემკვეთს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი.

უფლებრივი ნაკლი- ნაკეთობა უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირებს არ შეუძლიათ გამოიყენონ რაიმე უფლებები შემკვეთის წინააღმდეგ. მაგ: მესამე პირს ნაკეთობაზე გირავნობის უფლება აქვს, ან სულაც აცხადებს, რომ ეს ნაკეთობა მისია.

ნივთობრივი ნაკლი- ნაკეთობის ხარისხი უნდა ემთხვეოდეს შეთანხმებულ ხარისხსს. როცა იგი არ არის გათვალისწინებული ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. (სკ-ის 641.1-ე მუხლი)

ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას.

შემკვეთის მოთხოვნები ნაკლიანი ნივთის მიწოდებისას:

დამატებითი შესრულების მოთხოვნა

თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა.

დამატებითი შესრულების მიზნით მენარდე ვალდებულია გასწიოს აუცილებელი ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტის, სამუშაოსა და მასალების ხარჯები. მენარდეს შეუძლია უარი თქვას დამატებით შესრულებაზე, თუ იგი მოითხოვს არათანაზომიერ ხარჯებს. ამ შემთხვევაში მან უნდა აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.

თუ მენარდე დაამზადებს ახალ ნაკეთობას, მას შეუძლია შემკვეთს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნაკეთობის უკან დაბრუნება.

თუ მენარდე დამატებითი შესრულების ფარგლებში შეასრულებს ვალდებულებას ჯეროვნად, მაშინ შემკვეთი აღარ იქნება უფლებამოსილი მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ნაკლიანი შესრულებისათვის, თუმცა მას შეეძლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება შესრულების ვადის გადაცილებისათვის.

ნაკეთობის ნაკლის გამოსწორება შემკვეთის მიერ

თუ მენარდე არათანაზომიერი ხარჯების გამო უარს კი არ იტყვის დამატებით შესრულებაზე, მაგრამ ნაკეთობის ნაკლის გამო დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა, მაშინ შემკვეთს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

შემკვეთს შეუძლია მენარდეს მოსთხოვოს ავანსი ნაკლის აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯებისათვის.

საზღაურის შემცირება ნაკეთობის ნაკლის გამო

შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.

ნაკლის მქონე ნაკეთობის მიღების შედეგები

თუ შემკვეთისათვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას პრეტენზიის განუცხადებლად, მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლებები ამ ნაკლის გამო.

მენარდის მიერ ნაკლის განზრახ დაფარვის შედეგები

თუ მენარდე ნაკლს განზრახ დაფარავს, მას არ შეუძლია მიუთითოს შეთანხმებაზე, რომელიც გამორიცხავს ან ზღუდავს შემკვეთის უფლებებს ნაკეთობის ნაკლის გამო.