#28130
BLH
Keymaster

მენარდის გაფრთხილების ვალდებულება და ხელშეკრულების მოშლა

მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს შემკვეთი, რომ:

ა) შემკვეთისგან მიღებული მასალა უხარისხო და გამოუსადეგარია- მაგ: „ა“ კომპანია აშენებს სახლს, შემკვეთი უზრუნველყოფს მასალით, აღმოჩნდება, რომ შემკვეთმა მიიტანა უხარისხო მასალა, რომლითაც სახლის მშენებლობა გამოიწვევდა მშენებლობის უხარისხობას, ასეთ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ შემკვეთს და მოსთხოვოს მასალის გამოცვლა.

ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა უზენაესი სასამართლოს განმარტება (იხ. სუსგ ას-106-442-05): 

შემკვეთმა მიაწოდა უხარისხო მასალა მენარდეს, ამ უკანასკნელმა შეატყობინა ამის შესახებ, თუმცა შემკვეთმა არ მოახდინა რეაგირება, მენარდემ კი ბოლომდე შეასრულა სამუშაო, რომელიც უხარისხო გამოდგა.

“ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაო არის უხარისხო, მაგრამ ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ თვით მასალაც უხარისხოა. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გაერკვია ის გარემოება, შეიძლებოდა თუ არა უხარისხო მასალას მოეხდინა გავლენა სამუშაოს შესრულების ხარისხზე, ანუ შესრულებული სამუშაოს უხარისხობა ხომ არ იყო განპირობებული თვითონ მასალის ხარისხით. აღნიშნულ გარემოებას მნიშვნელობა ენიჭება სკ-ის 645-ე მუხლის გამოყენებისას. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ნაკლი გამოწვეულია თვით შემკვეთის მასალის უხარისხობით, მაშინ შემცირდება საზღაურის ოდენობაც.”

ბ) თუ შემკვეთის მითითება შესრულდება, ნამუშევარი არამტკიცე ან გამოუსადეგარი იქნება- მაგ: შემკვეთმა შეიძლება სხვადასხვა მითითება მისცეს მენარდეს, თუმცა მენარდე, როგორც საქმის სპეციალისტი ხვდებოდეს, რომ შემკვეთის კონკრეტული მითითების შესრულება გამოიწვევს სამუშაოს უხარისხოდ შესრულებას, ასეთ შემთხვევაში მენარდემ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ შემკვეთს.

გ) არსებობს მენარდისაგან დამოუკიდებელი სხვა რამ გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის ნამუშევრის სიმტკიცესა და ვარგისიანობას.

თუ შემკვეთი, მენარდის დროული გაფრთხილების მიუხედავად, შესაბამის ვადაში არ გამოცვლის გამოუსადეგარ ან უხარისხო მასალას, არ შეცვლის მიცემულ მითითებას სამუშაოს შესრულების წესის შესახებ, ანდა არ აღმოფხვრის სხვა გარემოებას, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ნამუშევრის ვარგისიანობას ან სიმტკიცეს, მენარდეს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ამით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მაგ: შემკვეთმა მისცა ისეთი მითითება მენარდეს, რომელიც განაპირობებდა სამუშაოს უხარისხოდ შესრულებას, მენარდემ შეატყობინა ამის შესახებ მას, თუმცა უშედეგოდ, ასეთ შემთხვევაში მენარდე უფლებამოსილია მოშალის ხელშეკრულება და მოითხოვოს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, ასევე იმ მდგომარეობაში მისი აღდგენა, რომელშიც იგი იქნებოდა, ხელშეკრულება, რომ არ მოშლილიყო ვადამდე.

თუ შემკვეთი დაამტკიცებს, რომ მისი მითითება ობიექტურად არ იწვევდა სამუშაოს ხარისიხის გაუარესებას და მენარდე ცდებოდა თავის პოზიციაში, მაშინ იგი უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებას ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის არამართლზომიერად განხორციელებისათვის.