#28122

შემკვეთის მიერ ხელშეკრულების მოშლა

I.  ხელშეკრულების მოშლა, როდესაც მენარდეს არ დაურღვევია ვალდებულება

ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი შემკვეთს ანიჭებს უფლებამოსილებას ნებისმიერი დროს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, მიზეზის გარეშე. თუმცა ამ ნორმის საფუძველზე ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა იწვევს გარკვეულ ნეგატიურ სამართლებრივ შედეგს შემკვეთისათვის, კერძოდ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

ამდენად, ამ საფუძვლით ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შემკვეთმა დაუყონებლივ უნდა შეატყობინოს მენარდეს და გადაუსახდოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს პროპორციულად, რომელიც მენარდის მიერ შესრულებულია შემკვეთისაგან ხელშეკრულების მოშლის შესახებ შეტყობინების მიღების მომენტამდე. ასევე აუნაზღაუროს ხელშეკრულებით მოშლით მიყენებული ზიანი, რასაც მენარდე მიიღებდა ხელშეკრულება, რომ არ მოშლილიყო ვადამდე.

მაგ: სამუშაოდან გამომდინარე მენარდეს უნდა მიეღო 5.000 ლარი მოგება. ხელშეკრულების მოშლის გამო, მან ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებით მიიღო 3.000 ლარის მოგება. მას ასევე შეუძლია მოითხოვოს დარჩენილი 2.000 ლარი, რასაც იგი მიიღებდა სრული მოცულობით სამუშაოს შესრულების შემთხვევაში.

შემკვეთი უფლებამოსილია მოშალოს ნარდობის ხელშეკრულება, მენარდის მხრიდან ვალდებულების დარღვევის არ არსებობის პირობებში სკ-ის 398-ე და 399-ე მუხლებითაც. ამ მუხლებიდან გამომდინარე მოშლის საფუძვლების განხილვას ამ თემაში არ შევუდგებით, რადგან ეს საკითხი უკვე განვიხილეთ სახელშეკრულებო სამართლის თემაში. თუმცა იმას ავღნიშნავ, რომ სკ-ის 399-ე მუხლით ნარდობის ხელშეკრულების მოშლა იმით განსხვავდება 636-ე მუხლით ხელშეკრულების მოშლასთან, რომ პირველ შემთხვევაში, მეორისგან განსხვავებით აუცილებელია გვქონდეს: ა) გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობა, ბ) ხელშეკრულების მოშლის პატივსადები მიზეზი.

II.  ხელშეკრულების მოშლა, როდესაც მენარდემ დაარღვია თავისი ვალდებულება

მენარდე ვალდებულია თავისი ვალდებულება შეასრულოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სტანდარტით (ჯეროვნად). იმ შემთხვევაში თუ მენარდე არღვევს თავის ვალდებულებას, (მაგ: ნელა, უხარისხოთ ასრულებს სამუშაოს) შემკვეთი უფლებამოსილია მოშალოს ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 399-ე, 405-ე და 644-ე მუხლებიდან გამომდინარე.

სკ-ის 399-ე მუხლი გამოიყენება ისეთ შემთხვევაში, როცა სახეზეა გრძელვადიანი ნარდობითი ურთიერთობა და მენარდე არღვევს ვალდებულებას. ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ.

სკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე ხელშეკრულების მოშლის შედეგად, თუ უკვე შესრულებული სამუშაო აღარ წარმოადგენს უფლებამოსილი პირისათვის რაიმე ინტერესს ხელშეკრულების მოშლის შედეგად, მაშინ ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ამ შესრულებაზედაც გავრცელდეს.

თუ სახეზე არ არის გრძელვადიანი ურთიერთობა, მაშინ შემკვეთი უფლებამოსილია დაეყდნოს სამოქალაქო კოდექსის 644-ე და 405-ე მუხლებს.