მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მომსახურების/ნარდობის ხელშეკრულება › Reply To: მომსახურების/ნარდობის ხელშეკრულება
შემკვეთის მიერ სამუშაოს დროულად მიუღებლობისას წარმოშობილი ზიანი
“მენარდეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს. შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას.” (სკ. 633.1)
მაგ: შეკვეთილი ავეჯის დასამზადებლად, შემკვეთს უნდა მიეტანა მენარდისთვის გარკვეული მასალა, ბინაში რემონტისთვის უნდა უზრუნელყო ელექტროენერგიის ჩართვა ბინაში და ა.შ.
აღნიშნული სპეციალური ნორმა, არის უფრო ზოგადი 390-ე და 391-ე მუხლების გამოძახილი, რომლის მიხედვითაც:
„კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ იგი არ იღებს მისთვის შემოთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია.“ (სკ. 390.1)
„თუ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა კრედიტორის ესა თუ ის მოქმედება, ვადის გადაცილებად ჩაითვლება, თუ იგი ამ მოქმედებას არ ასრულებს.“ (სკ. 390.2)
„კრედიტორმა უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მიადგა მოვალეს შესრულებული ვალდებულების მიღების ვადის ბრალეული გადაცილების გამო.“ (სკ.391)
შემკვეთის მიერ შესრულების დროულად მიუღებლობის შედეგი
ზიანის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სტანდარტის მიხედვით, ანუ მენარდე უნდა აღდგეს იმ ქონებრივ მდგომარეობაში, რომელშიც იგი იქნებოდა, შემკვეთს, რომ დროულად მიეღო შესრულება.
აღსანიშნავია, რომ შემკვეთის მიერ ვადის გადაცილებისას მენარდე მხოლოდ მაშინ არის პასუხისმგებელი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, თუკი შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა მოვალის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო.
მაგ: თუ შემკვეთმა არ მიიღო დროულად მენარდის მიერ დამზადებული ნივთი, ხოლო შემდგომ მენარდის უბრალო გაუფრთხილებლობის გამო დაზიანდა ეს ნივთი, მაშინ შემკვეთი ვერ მოითხოვს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ზიანის ანაზღაურებას, თუმცა მას შეეძლება გავიდეს ხელშეკრულებიდან და არ გადაიხადოს მისი საფასური.
შემკვეთის მიერ ვადის გადაცილებისას მისი ბრალის მიუხედავად:
ა) იგი ვალდებულია აუნაზღაუროს მოვალეს ხელშეკრულების საგნის შენახვის გამო წარმოშობილი ზედმეტი ხარჯები, მაგ: ნარდობის საგნის შენახვის დამატებითი ხარჯები.
ბ) მას ეკისრება ნივთის შემთხვევით გაფუჭების ან დაღუპვის რისკი; მაგ: თუ შემკვეთმა დროულად არ მიიღო ნარდობის საგანი და ეს ნივთი შემთხვევითობის გამო განადგურდა, ამ შემთხვევაში იგი მაინც ვალდებული იქნება მოახდინოს ანაზღაურება.
გ) მას აღარა აქვს ფულადი ვალდებულებისათვის პროცენტის მიღების უფლება- იგი ვერ მოითხოვს პირგასამტეხლოს ან სხვა ტიპის ზიანის ანაზღაურებას.