#28022

ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულების არსებითი პირობები

ზოგადი წესის მიხედვით ხელშეკრულება ითვლება დადებულად და წარმოშობს უფლება-მოვალეობებს, თუ მხარეები შეთანხმდებიან მის არსებით პირობებზე, საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

სააპელაციო სასამართლომ გააკეთა საინტერესო განმარტება ნარდობის ხელშეკრულების არსებითი პირობების შესახებ: (საქმე, №ას-55-54-2014)

“სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის, 50-ე, 69-ე მუხლების, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 629-ე მუხლის პირველი ნაწილის, 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნარდობის ხელშეკრულების არსებითი პირობებია ხელშეკრულების საგანი (ანუ ის სამუშაო, რომელიც უნდა შეასრულოს მენარდემ), ხელშეკრულების შესრულების ვადა, პირობები და ხელშეკრულების ფასი. “ (იგივე შინაარსის განმარტება გაკეთდა საქმეში N- ას-842-1201-06).

თუმცა ეს განმარტება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რეალურად ნარდობის ხელშეკრულების არსებითი პირობაა მხარეების მიერ მხოლოდ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ შეთანხმება (მის მოცულობაზე და არსზე შეთანხმება). ხოლო სხვა პირობებზე შეთანხმება, როგორიცაა ხელშეკრულების ვადა, ფასი და სხვა პირობები შეთანხმება სავალდებულო არ არის, იმისათვის, რომ ხელშეკრულება ჩაითვალოს დადებულად, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთი მხარე ითხოვს ამ პირობებზე შეთანხმებას.

სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლი არეგულირებს სამუშაოს ანაღაურების საკითხს, რომლის მიხედვითაც ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი, ხოლო თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ  ჩვეულებრივი ანაზღაურება.

ამდენად ამ მუხლიდან გამომდინარე, ნარდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს, ისე, რომ მხარეები არ შეთანხმდნენ სამუშაოს საფასურზე, ხოლო ისეთ სიტუაციაში, რომელიც სცდება 630-ე მუხლის რეგულაციას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლი და მენარდემ თვითონ განსაზღვროს ცალმხრივად სამუშაოს ფასი, სამართლიანობის ფარგლებში.

იგივე ითქმის ნარდობის ხელშეკრულების ვადაზეც, რომელზეც ვრცელდება ასევე ზოგადი სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.

ზუსტად ანალოგიური მიდგომაა არსებითი პირობების შესახებ მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაშიც, კერძოდ მომსახურების ხელშეკრულების არსებითი პირობაა, მომსახურების შინაარსზე/არსზე შეთანხმება. აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება საკმარისი მომსახურების ხელშეკრულების დასადებად.