#27932
BLH
Keymaster

რა არის მომსახურების ხელშეკრულება?

მომსახურების ხელშეკრულების შესახებ სპეციალური რეგულაციები სამოქალაქო კოდექსში არ გვაქვს, თუმცა იგი ყველაზე ახლოს დგას თავისი არსით ნარდობის ხელშეკრულებასთან და გარდა ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნორმებისა, მასზე უნდა გავრცელდეს ასევე ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი სპეციალური ნორმებიც (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები).

ამის თაობაზე საინტერესოა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (ას-223-215-2013), სადაც მომსახურების ხელშეკრულებაზე სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა გაავრცელეს ნარდობის მარეგულირებელი ნორმები, როგორც ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები.

ორივე ხელშეკრულებაში ერთი მხარე ასრულებს სამუშაოს მეორე მხარის სასარგებლოდ, ხოლო ეს უკანასკნელი იხდის შესაბამის საფასურს. განსხვავება არის იმაში, რომ ნარდობის ხელშეკრულების საგანია მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი. მაგ: დამზადებული ნივთი, გარემონტებული ბინა, დამზადებული ვებ გვერდი. თუ არ არის შედეგი, მაშინ ნარდობის ხელშეკრულება ვერ ჩაითვლება შესრულებულად, ხოლო მომსახურების ხელშეკრულების საგანია მომსახურება, რომელსაც მატერიალური შედეგი არ გააჩნია. მაგ: კონსულტაციის გაწევა იურიდიულ საკითხებზე, სწავლება, ბაღის მოვლა, სატრანსპორტო მომსახურების გაწევა და ა.შ.

ამდენად მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში ერთი მხარე (შემსრულებელი) ასრულებს გარკვეულ სამუშაოს, რომელსაც არ აქვს მატერიალური შედეგი, ხოლო მეორე მხარე (შემკვეთი) იხდის შესაბამის ანაზღაურებას. მათ შორის ურთიერთობა წესრიგდება, როგორც ზოგადი ვალდებულებითი ნორმებით, ასევე ნარდობის სპეციალური ნორმებით, თუმცა ამავდროულად აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სპეციალური ნორმა თავისი საგამონაკლისო ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ ნარდობის შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული, სამოქალაქო კოდექსის მე-5.3-ე მუხლიდან გამომდინარე, მაგ:  სამოქალაქო კოდექსის 634-ე და 635-ე მუხლები.