#27905

კეთილსინდისიერების (გულისხმიერების) პრინციპი

კეთილსინდისიერების პრინციპი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია კერძო სამართალში, მათ შორის ვალდებულებით სამართალში. ზოგადი მითითება კეთილსინდისიერების პრინციპზე გაკეთებულია სამოქალაქო კოდექსის მე-8.3 მუხლში, ხოლო ვალდებულებით ურთიერთობაში ამ პრინციპის არსებობაზე უთითებს სამოქალაქო კოდექსის 316.2-ე მუხლი:

„თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.“ (სკ. 316.2)

„სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.“ (სკ. 8.3)

მნიშვნელოვანია ასევე სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე მუხლის დებულება, რომ „ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას“. ამ დებულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების განუყოფელი ნაწილია სუბიექტის კეთილსინდისიერად მოქმედება.

მაგ: „A“-მ იყიდა „B“-სგან ავტომობილი, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა წაეყვანა. დაიწყო სეტყვა და დაზიანდა აღნიშნული ავტომობილი, თუმცა „B“-ს შეეძლო მიეღო ზომები აღნიშნული ზიანის აღსაკვეთად, თუმცა ვინაიდან მანქანა მისი აღარ იყო მან ეს არ გააკეთა. ამ შემთხვევაში მან დაარღვია კეთილსინდისიერების ვალდებულება „A“-ს მიმართ.

კეთილსინდისიერების შეფასებისას მხედველობაში მიიღება:

ა) სამართლის ზოგადი პრინციპები.

ბ) ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

გ) სამოქალაქო ბრუნვის წეს-ჩვეულებები.

კეთილსინდისიერების პრინციპის ფუნქციები:

I. სახელშეკრულებო პირობის კორექტირება, გაუქმება, შეზღუდვა. მაგ: ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისთვის. (სსკ 346-ე მუხლი);

II. ხარვეზის შევსება. მაგ:თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.” ( სსკ 325-ე მუხლი );

III. სახელშეკრულებო პირობების განმარტება. მაგ: ხელშეკრულებები უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბრუნვის ჩვეულებების მხედველობაში მიღებით (გერმანიის სკ 157-ე მუხლი).