#2006

უძრავი ქონების მიღება მემკვიდრეობით

 

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N- ას-263-244-10, ეხება ისეთ გარემოებას, როცა მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო, (მათ შორის უძრავი ქონება), მაგრამ რეგისტრაცია ვერ მოასწრო რეესტრში და გარდაიცვალა.

 

“კონკრეტულ შემთხვევაში დავის შინაარსი უკავშირდება მცხეთის რაიონში, სოფ. დიღომში მდებარე უძრავ ქონებას.  აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული წესით უძრავი ნივთის მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს უძრავი ნივთების საკუთრების შეძენის წესს. ამდენად, უძრავი ნივთის მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში, მასზე საკუთრების უფლების შეძენისათვის აუცილებელია მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რაც არ განხორციელებულა. ამ დანაწესების დაცვის შემთხვევაში მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად.

  

სადავო სამკვიდრო მოწმობის პერიოდში მოქმედი «სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის ინსტრუქციის» 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდრო უძრავი ქონებაა, ნოტარიუსი ვალდებულია, გამოითხოვოს ამ ინსტრუქციის მე-40-ე მუხლით დადგენილი დოკუმენტაცია. კონკრეტულ შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მითითებული ინსტრუქციის მე-40 მუხლის «ა» ქვეპუნქტი). ამდენად, იმ შემთხვევაშიც, თუ მივიჩნევთ, რომ მ. შ-იას მიღებული ჰქონდა ს. შ-იას სამკვიდრო, ის ფაქტი, რომ მის სახელზე ეს ქონება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, უთითებს იმაზე, რომ მას არ შეუძენია ამ ქონებაზე საკუთრების უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს სამკვიდრო მოწმობის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.”