#34894
BLH
Keymaster

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების დაუშვებლობა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 17 თებერვალს მიიღო განჩინება საქმეზე №2ბ/4400-14, რომელშიც იმსჯელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის (პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ) გამოყენებაზე და განმარტებაზე პრაქტიკაში.

სასამართლოს მსჯელობაში აღნიშნულია, რომ 420-ე მუხლი წარმოადგენს იმ იშვიათ გამონაკლისთაგანს, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

ამასთან, პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს.

შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე წარმოდგენილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა.შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება.