#33817

საქმის გარემოებათა გამოკვლევა

საქმის გარემოებათა გამოკვლევა: უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ბს-229-226(-14)

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს მიერ სადავო საკითხზე საბჭოს თავდაპირველი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების შემდეგ ჩატარდა პროფესიული განვითარების საბჭოს სამი სხდომა. აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელე მოწვეულ იქნა საბჭოს მხოლოდ ერთ სხდომაზე.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 87-ე მუხლის თანახმად საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხარეების დასწრება სავალდებულოა. ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით შემოწმების შედეგების  ამსახველი დოკუმენტის მომზადებისა და განხილვის ყველა ეტაპზე აუცილებელია იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობა, რომლის საქმიანობაც შემოწმდა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ. ს-ამ 20.02.13წ. განცხადებით მიმართა სამინისტროს, რომელშიც აღნიშნა, რომ 19.02.13წ. მის ადვოკატს ჩაბარდა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 14.02.13წ. და 18.02.13წ. წერილები, საიდანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება საბჭოს თავდაპირველ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

განმცხადებელმა ითხოვა ეცნობებინათ მისთვის სხდომის თარიღი, რათა ადვოკატს მიცემოდა შესაძლებლობა დასწრებოდა სხდომას და მიეცა განმარტება.აღნიშნულის მიუხედავად, საბჭოს სხდომის თარიღი არც მოსარჩელეს და არც მის წარმომადგენელს არ ეცნობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 68.2, 87-ე მუხლების, სზაკ-ის 95-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნების დარღვევა, რაც სზაკ-ის 601.1 მუხლის თანახმად აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.