#28673
BLH
Keymaster

მფლობელობის სახეები

1.კეთილსინდისიერი მართლზომიერი მფლობელი– ისეთი მფლობელი, რომელსაც გააჩნია მფლობელობის სამართლებრივი საფუძველი. (სკ. 159-ე მუხლი).

მაგ: ბინის დამქირავებელი ფლობს ბინას ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მფლობელობის უფლების საფუძველზე.

2.კეთილსინდისიერი არამართლზომიერი მფლობელი– ისეთი მფლობელი, რომელსაც არ გააჩნია ან შეუწყდა ფლობის სამართლებრივი საფუძველი, თუმცა მას კეთილსინდისიერად ჰგონია, რომ მას ასეთი საფუძველი აქვს.

მაგ: „ა“-მ ათხოვა „ბ“-ს ლეპტოპი, რომელიც მისი საკუთრება არ იყო, თუმცა „ბ“-ს კეთილსინდისიერად ეგონა, რომ „ა“-სთან თხოვების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მას წარმოეშვა მფლობელობის უფლება.

3.არაკეთილსინდისიერი მფლობელი– პირი, რომელმაც იცის, რომ ნივთს ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგ: ქურდი,რომელმაც მოიპარა ოქროს საათი, იგი იქნება ამ ოქროს საათის არაკეთილსინდისიერი მფლობელი.

მფლობელების სახეებად დაყოფას გააჩნია ძალიან დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა, რადგან კანონმდებლობის მიხედვით, მათი უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება სწორედ იმის მიხედვით თუ რა სახის მფლობელები არიან.

მფლობელობის სახეებსა და მათი განსაზღვრის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, საინტერესოა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-524-493-2012, სადაც უზენაესი სასამართლო განმარტავს:

„მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, განსხვავებით კეთილსინდისიერი მფლობელისაგან, რომელსაც არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონისმიერი საფუძველი. კეთილსინდისიერება და არაკეთილსინდისიერება მიუთითებს სუბიექტურ კრიტერიუმებზე, რაც განისაზღვრება პირის დამოკიდებულებით ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლების მიმართ. მართლზომიერი და არა მართლზომიერი მფლობელობა მიგვითითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში. ამრიგად, მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის მფლობელობიდანაა ნაწარმოები.“

„აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დიფერენცირებულია მფლობელობა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების მიხედვით (160-ე – 164-ე მუხლები). მნიშვნელოვანია, რომ კანონი გამიჯნავს კეთილსინდისიერი მფლობელის მოთხოვნას (160-ე – 161-ე მუხლები) და მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნას (162-ე მუხლი). ასევე, არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (163-ე მუხლი) და არაკეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (164-ე მუხლი).“