#1543
BLH
Keymaster

ზოგადი ინფორმაცია იპოთეკის შესახებ

მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა იპოთეკა, რომელიც გირავნობის მსგავსად ანიჭებს კრედიტორს უფლებას დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა იპოთეკის საგნიდან, სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად.

იპოთეკარის მოთხოვნა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვის ხელშიც არ უნდა იყოს ეს უძრავი ქონება, როგორც არ უნდა განიკარგოს იგი, სანამ იპოთეკარი არ დაიმაყოფილების თავის მოთხოვნას, მისი იპოთეკის უფლება იქნება ხელშეუხებელი, მათ შორის სხვა კრედიტორების მხრიდანაც.

მაგ: „ა“-ს აქვს „ბ“-სა და „გ“-ს მიმართ ვალი. ამავდროულად მას საკუთრებაში გააჩნია მხოლოდ ერთი ბინა, რომელიც „გ“-ს სასარგებლოდ არის დატვირთული იპოთეკით.

თუ ვთქვათ  „ბ“-ს წარმოეშვა იძულებითი აღსრულების უფლებამოსილება და იგი განახორციელებს იძულებით აღსრულებას ამ ბინაზე, მაშინ ბინის რეალიზაციის შედეგად შემძენი იძენს „გ“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ბინას და „გ“-ს ექნება ნებისმიერ შემთხვევაში თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა ამ ბინიდან. განსხვავებით „ბ“-სგან, რომელსაც ასეთი შესაძლებლობა არ ექნებოდა, იმ შემთხვევაში, თუ „გ“ მოახდენდა იძულებით აღსრულებას აღნიშნულ ბინაზე.

აღსანიშნავია, რომ გირავნობა და იპოთეკა ორივე ერთნაირი ფუნქციის მქონე სანივთო უფლებებია, მათ შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ გირავნობისაგან განსხვავებით იპოთეკის საგანი უძრავი ნივთია და მასთან დაკავშირებული უფლებები, ხოლო გირავნობის საგანია მოძრავი ნივთი და უფლებები, რომლებიც დაკავშირებული არ არის უძრავ ნივთთან.

იპოთეკის დროს არსებობს ორი სახის სამართლებრივი ურთიერთობა, რომლებიც მკაცრად განსხვავდებიან.

1)სანივთო–სამართლებრივი ურთიერთობა იპოთეკარსა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს შორის- იპოთეკის საგნის მესაკუთრესა და იპოთეკარს შორის დადებულია იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც წარმოშობს იპოთეკის უფლებას.

2)ვალდებულებით–სამართლებრივი ურთიერთობა იპოთეკარს(კრედიტორსა) და მოთხოვნის პირად მოვალეს შორის- იპოთეკარსა და მოვალეს შორის დადებული ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულება (მაგ: სესხი, ნასყიდობა, ნარდობა და ა.შ.), რომლიდან გამომდინარე იპოთეკარის მოთხოვნის უზრუნველყოფის ფუნქციას ასრულებს იპოთეკის ხელშეკრულება.

აღსანიშნავია, რომ არ არის აუცილებელი მოვალე და იპოთეკის საგნის მესაკუთრე იყოს ერთიდაიგივე პიროვნება. მაგ: „A“-ს აქვს „B“-ს ვალი და „B“-ს მოთხოვნა უზრუნველყოფია „C“-ს ბინით.

ამ შემთხვევაში „B“-სა და „C“-ს შორის არსებობს სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობა, ისინი არიან იპოთეკარი და იპოთეკარის საგნის მესაკუთრე, ხოლო „A“-სა და „B“-ს შორის არსებობს ვალდებლებით-სამართლებრივი ურთიერთობა (სესხის ხელშეკრულების საფუძველზე).

იპოთეკის უფლება ორგანულად დაკავშირებულია ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, მისი საფუძვლების (ხელშეკრულების) ბათილად ცნობა, განაპირობებს ავტომატურად სანივთო ურთიერთობის შეწყვეტასაც.

და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ იპოთეკა, როგორც სანივთო უფლება ძალაში შედის მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაციისათვის საჭიროა წერილობითი ფორმით დადებული იპოთეკის ხელშეკრულების წარდგენა საჯარო რეესტრში. (ფიზიკურ პირებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკა საჭიროებს ნოტარიულ დამოწმებას).