მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მომსახურების/ნარდობის ხელშეკრულება › დამკვეთის მიერ ხელშეკრულების მოშლა
დამკვეთი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება
(სუსგ # ას-697-663-2015, 15.12. 2015)
სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესი (იხ. ნორმის დეფინიცია 8.18 ქვეპუნქტში) სახელშეკრულებო სამართალში ე.წ. საგამონაკლისო ნორმაა, რომელიც შემკვეთს ნებისმიერ დროს, უპირობოდ ანიჭებს უფლებას ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება (იხ. სუსგ-ები: # ას-697-663-2015, 15.12.2015წ; # ას- 901-851-2015, 05.02.2016წ; # ას- 981-926-2015, 11.03.2016წ.).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება.
მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა, მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები“