Viewing 10 posts - 1 through 10 (of 95 total)
  • Author
    Posts
  • #23497

    ამ თემაში განვიხილავთ პოლიციის  საქმიანობის საკითხებს, კერძოდ პოლიციის მიერ პრევენციული  და ცალკეული რეპრესიული ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

    #22603
    BLH
    Keymaster

    რა არის საპოლიციო სამართალი, რა არის პოლიცია და რას ნიშნავს პოლიციის მიერ საჯარო მმართველოს განხორციელება?

     

    1. რა არის საპოლიციო სამართალი? საპოლიციო სამართალი არის ადმინისტრაციული სამართლის განსაკუთრებული ნაწილი, რომელიც არეგულირებს პოლიციის მიერ საჯარო მმართველობის განხორციელებას, რომლის მიზანია საზოგადოებრივი მართლწერსიგისა და უსაფრთხოების დაცვა.

     

    2. რა არის პოლიცია? პოლიციის მატერიალური და ინსტიტუციური გაგება არსებობს მატერიალური გაგებით პოლიცია არის ყველა ის სუბიექტი, რომელიც ახორციელებს საპოლიციო ფუნქციებს, ხოლო ინსტიტუციური გაგებით პოლიცია არის შსს-ს ორგანო, რომელიც ახორციელებს საპოლიციო ფუნქციებს.

     

    3.რას ნიშნავს პოლიციელის მიერ საჯარო მმართველოს განხორციელება? პოლიციის ქმედება შეიძლება იყოს როგორც პრევენციული ხასიათის, ისე რეპრესიული ხასიათის. პირველი მიზნად ისახავს საფრთხის აღკვეთას (მათ შორის დანაშაულის ჩადენის საფრთხის აღკვეთას). მეორე კი უკვე დამდგარი შედეგის (საფრთხის რეალიზებით წარმოშობილი ზიანის), მათ შორის ჩადენილი დანაშაულის აღკვეთას ემსახურება.

     

    საპოლიციო სამართალი არეგულირებს პოლიციის პრევენციულ საქმიანობას, რაც ვლინდება პოლიციელის მიერ საფრთხისგან ისეთი სიკეთეების დაცვაში, როგორიცაა საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საზოგადოებრივი მართლწესრიგი.

     

    საზ. მართლწესრიგი – საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობების სისტემა, რომელიც წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და იმ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

     

    საზოგადოებრივი უსაფრთხოება – პირთა უფლებების, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობილების, საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების ურღვევობა;

     

    #22604

    საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველი

     

    პოლიციელი ახორციელებს პოლიციურ ღონისძიებას, როდესაც არსებობს საფრთხე, პოლიციის მიერ დაცულ სიკეთეების – საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესირიგის მიმართ.

     

    განვიხილოთ საფრთხის ცნება. ამ ტერმინის დეფინიცია მოცემულია პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 2-ე მუხლში.

     

    ”საფრთხე – ვითარება, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგება პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს;”

     

    საფრთხის ამ ლეგალური დეფინიციიდან შეიძლება გამოვყოთ ოთხი ძირითადი ნაწილი, ესენია: 1. გარკვეული ვითარება; 2. საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის; 3. მოვლენათა მოსალოდნელი განვითარება და 4. დიდი ალბათობით ზიანი მიადგება პოლიციის დასაცავ სიკეთეს.

     

    1. ვითარება- შემდეგი ელემენტები გულისხმობს თავისთავად გარკვეული ვითარების არსებობას, ამ ელემენტის წალკე გამოყოფის გარეშეც შეიძლება განხილმა, მაგრამ შეიძლება შემდეგ გამოგვადგეს.

     

    2. საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის– ამ ტერმინის დეფინიციაც მოცემულია და მოგვიანებით განვიხილოთ.

     

    3. მოვლენათა მოსალოდნელი განვითარება- ტერმინი ‘’მოვლენათა მოსალოდნელ განვითარება’’ გულისხმობს იმას, რომ გარემოებები მიუთითებდნენ იმაზე, რომ მოვლენა იმდაგვარად განვითარდება, რომ დიდი ალბათობით საფრთხე შეექმნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან მართლწესრიგს. არსებული გარემოებების შეფასების დროს მოვლენათა ასეთი განვითარება უფრო მოსალოდნელი უნდა იყოს ვიდრე არა. პოლიციელმა, უნდა შეაფასოს გარემოებები და გამოიტანოს დასკვნა, მოცემულ ვითარებაში მოსალოდნელია, თუ არა მოვლენათა იმდაგვარად განვითარება, რომ საფრთხე შეექმნას დასაცავ სიკეთეს. ‘’შესაძლო განვითარებისაგან განსხვავებით’’, ‘’მოსალოდნელი განვითარება’’ კონკრეტული ვითარების დროს არსებული გარემოებების შეფასების უფრო მაღალ სტანდარტს გულისხმობს. როგორც ზემოთ ავღნიშნე ‘’მოსალოდნელი განვითარება’’ გულისხმობს, რომ მოვლენათა ამდაგვარი განვითარება უფრო მოსალოდნელია ვიდრე არა, ხოლო ‘’შესაძლო განვითარების’’ შემთხვევაში შესაძლებელია, რაც შეფასების უფრო დაბალი სტანდარტია.

     

    აღსანიშნავია, რომ საფრთხის დეფინიციაში ‘’საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის’’ ტერმინის ჩართვით, რომლიც დეფინიციასაც შეიცავს აგრეთვე კანონი, მოვლენათა შეფასების დროს განმსაზღვრელი გახდა არა პოლიციალის სუბიექტური დამოკიდებულება, სობიექტური შეფასება, არამედ შეფასება უნდა მოხდეს ობიექტური მასშტაბებით. რომ არა ეს ტერმინი, გარემოებების შეფასების დროს განმსაზღვრელი იქნებოდა პოლიციელის სუბიექტური დამოკიდებულება, მაგრამ ამ შემთხვევაშ კი პოლიცია არაა თავისუფალი დასკვნის გამოტანის დროს. ვინაიდან გარემოებათა შეფასება არის აზრობრივი პროცესი პოლიციელის დასკვნა გარკვეულ გარემოებებთან დაკავშირებით უნდა ეფუძნებოდეს ლოგიკის კანონებს. ამ დროს მხედველობაში იქნებოდა მისაღები ღონისძიების განმახორციელებელი პირის სობიექტური აღქმის შესაძლებლობები, რაც ალბათ არ უნდა იყოს საშუალო მოქალაქის შესაძლებლობებზე ნაკლები.

     

    4. დიდი ალბათობით ზიანი მიადგება პოლიციის დასაცავ სიკეთეს – მიუხედავად იმისა თუ როგორ განვითარდება მოვლენები ეს მოვლენები უნდა იყოს პოლიციის სადაცავი სიკეთისათვის – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის ზიანის მომტანი. თუ არაა ზიანის მომტანი, ბუნებრივია არც საფრთხეს ექნება ადგილი. აქ საინტერესოა ტერმინი ‘’დიდი ალბათობით’’. ‘’დიდი ალბათობა’’ არ არის შეფასების დაბალი სტანდარტი. დასაბუთებულ ვარაუდზე მაღალი სტანდარტია.

     

    განვიხილოთ ჯერ ეს საკითხები და შემდეგ გადავიდეთ პრინციპებზე.

    #3515

    საფრთხეს რაც შეეხება, მხოლოდ საფრთხის შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს განახორციელოს პოლიციური ღონისძიება.

     

    საფრთხე იმ შემთხვევაში არის სახეზე, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ საქმის გარემოებები ან მოვლენების შეუფერხებელი განვითარება გამოიწვევს პოლიციის შესახებ კანონით დაცული სიკეთისათვის ზიანის მიყენებას.

     

    საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის – ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად.

     

     უნდა გამოვყოთ კონკრეტული და აბსტრაქტული საფრთხე

     

    თუ კი არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ან მოვლენების შეუფერხებელი განვითარების შემთხვევაში ზიანი მიადგება სამართლის ნორმით დაცულ სიკეთეს და ეს არის ერთი კონკრეტული შემთხვევა, სახეზეა კონკრეტული ზიანი. თუ კი ფაქტობრივი გარემოებები ან ქცევა არის ზოგადი, სახეზეა აბსტრაქტული ზიანი. კონკრეტულია შემთხვევა, რომელიც სივრცით და დროით არის განსაზღვრული. ხოლო, მრავალი სივრცით და დროით განუსაზღვრელი შემთხვევების ერთობლიობა გვაძლებს აბსტრაქტულ შემთხვევას.

     

    საფრთხის სუბიექტური ელემენტი

     

    პოლიციელის ქმედება მაშინაც კანონიერია, როცა მისი ქმედება ეფუძნება სუბიექტურ შეფასებას, ხოლო ობიექტურად საფრთხე არ არსებობს:

     

    1. მოჩვენებითი საფრთხე: პოლიციელი ობიექტურად არ არსებულ საფრთხეს სუბიექტურად როგორც არსებულს აღიქვამს, თუმცა გარემოებებიდან გამომდინარე ანალოგიურ შემთხვევაში სხვა მოხელეც ანალოგიურად აღიქვამდა სიტუაციას. (კითხვა- ანალოგიურ შემთხვევაში სხვა მოხელე, როგორ აღიქვამდა სიტუაციას?)

     

    2. საფრთხის ეჭვი: ეს ის შემთხვევაა, როცა კონკრეტული საფრთხის არსებობის შესახებ საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვია გაჩენილი, მაგრამ არა იმდენად საკმარისიც, რომ უტყუარ ფაქტებს გაუთანაბრდეს.

     

    3. ვითომ (სავარაუდო) საფრთხე: საფრთხე ობიექტურად არ არსებობს და არც სუბიექტურად აღქმადია.

     

    #22605

    საფრთხის არსებობის ალბათობის დადგენის კრიტერიუმები

     

    საფრთხის არსებობის პროგნოზის სისწორის შესამოწმებლად სასამართლო გარკვეული კრიტერიუმებით სარგებლობს, რომელიც თავად პოლიციურ ორგანოს უნდა დაეხმაროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში (მათ შორის ქმედების განხორციელების თაობაზე დისკრეციული გადაწყვეტილების უშეცდომო განხორციელებისათვის). საფრთხის არსებობის ალბათობის დადგენის კრიტერიუმებია:

     

    გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძვლის სიმყარე (ფაქტობრივი გარემოებების სათანადო დიაგნოზი, გასათვალისწინებელია პრევენციული გადაწყვეტილების თავისებურებები). შესაბამისი გარემოებების გათვლისწინებით უნდა იქნეს გააზრებული:

     

    • მოსალოდნელი ზიანის მასშტაბი;

     

    • ზიანის დადგომის დროითი სიახლოვე;

     

    • იმ სამართლებრივი სიკეთის რანგი, რომელსაც უნდა აარიდონ საფრთხე;

     

    • ამ სამართლებრივი სიკეთის რანგი, რომელსაც გარკვეული ზიანი ადგება კოლიდირებული სამართლებრივი სიკეთისათვის საფრთხის არიდების გამო.

     

    #22606
    kakha
    Member

    საფრთხეზე საუბრისას შევეხეთ ”საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის” ცნებას. . რა განსხვავებაა გონივრულ ეჭვს და ვარაუდის საკმარის საფუძველს შორის?

    #22607
    Crassus
    Participant

    <cite>@ReneDescartes said:</cite> საფრთხეზე საუბრისას შევეხეთ ”საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის” ცნებას. . რა განსხვავებაა გონივრულ ეჭვს და ვარაუდის საკმარის საფუძველს შორის?

     

    ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №1/2/503,513

     

    “მოსარჩელის აზრით, ასევე პრობლემატურია სადავო ნორმით გათვალისწინებული გონივრული ეჭვის სტანდარტი. მას მიაჩნია, რომ სადავო ნორმა სრულ თავისუფლებას აძლევს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს, გააჩეროს ნებისმიერი პირი ნებისმიერ აბსტრაქტულ საფრთხეზე მითითების შემთხვევაში. სადავო ნორმის მოქმედი რედაქციის მიხედვით, შესაძლებელია, გონივრული ეჭვი დაეფუძნოს მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორს, ფაქტებთან დაკავშირებით პოლიციელის სტერეოტიპულ ხედვას. (იხ. 18 პარ.)”

     

    “საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ შეუძლებელია კანონმდებლობით განისაზღვროს ,,გონივრული ეჭვის” ყველა შესაძლო შემთხვევა, თუმცა უნდა არსებობდეს კონკრეტული, ობიექტური ფაქტები, რომლებიც პოლიციელს გაუჩენს სუბიექტურ მოსაზრებას, რომ საჭიროა პირის შეჩერება. პოლიციელმა ასევე უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ ჩათვალა საჭიროდ პირის შეჩერება. სადავო ნორმა აღნიშნულ ვალდებულებას არ ითვალისწინებს, იგი არის ბუნდოვანი, არ შეიცავს ზოგადი ხასიათის ინსტრუქციას და არ შემოსაზღვრავს საკითხთა იმ წრეს, რომელიც განსაზღვრული გარემოების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს “გონივრული ეჭვის” წარმოშობის პირობად. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის მოთხოვნებს. (იხ. 19 პარ.)”

     

    მოპასუხე უთითებდა გადაწყვეტილება N2/1/415 -ს და განმარტავდა, რომ აღნიშნული ტერმინი წარმოადგენს იმ ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობას, რაც წარმოშობს პოლიციელის ვარაუდს, რომ პირს აქვს კავშირი დანაშაულთან.

     

    სასამართლომ თქვა, რომ აღნიშნული ტერმინის მიხედვით, შეჩერების საფუძველია პოლიციელის ეჭვი პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, ხოლო შეჩერების მიზანს ამ ეჭვის შემოწმება წარმოადგენს. (იხ. 30 პარ.)

     

    ხოლო, რაც შეეხება “საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის” ეს ტერმინი განმარტებულია პოლიციის შესახებ კანონში და ნიშნავს, ფაქტს ან ინფორმაციას, რომელიც დაარწმუნებდა ობიექტურ დამკვირვებელს დასკვნის გასაკეთებლად, ამ შემთხვევაში გამოვდივართ არა პოლიციელის სუბიექტური შეხედულებებიდან, არამედ ობიექტური დამკვირვებლის ხედვიდან.. ხოლო ობიექტური დამკვრვებელი ვინ არის თუ არა სასამართლო, რომელიც ახორციელებს პოლიციური ღონისძიებათა მართლზომიერების შეფასებას.

     

    ამდენად, ამ ორ ტერმინს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.. ერთი მხრივ გვაქვს “გონივრული ეჭვი”, რომელიც კაცმა არ იცის რას ნიშნავს და დახუნძლულია სუბიექტური ელემენტებით და მეორე მხრივ გვაქვს “საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის”, ტერმინი, რომელიც გარკვევით ჩამოყალიბებულია ახალ კანონში..

    #22608
    kakha
    Member

    @Crassus

    გეთანხმები. დიდი სხვაობაა მაგ ტერმინებს შორის და ”საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის” ტერმინი ცალსახად დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, რაც შეეხება ობიექტურ დამკვირვებელს, ამასთან დაკავშირებით არის სასამართლოს განმარტება?

     

    მე ვფიქრობ, რომ მანდ არ მოიაზრება მოსამართლე, როდესაც მოსამართლე განიხილავს ღონისძიების მართლზომიერების საკითხს მისი შეფასების საგანი უნდა იყოს არა ის თუ როგორ მიიჩნევს თვითონ, საქმის განმხილველი მოსამართლე ამას, არამედ უნდა შეაფასოს როგორ იქნებოდა ეს გარემოება აღქმული საშუალო მოქალაქის ან პოლიციელის მიერ. თუ გავიზიარებთ, იმას, რომ ობიექტურ დამკვირვებელში მოიაზრება მოსამართლე გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს ეს. კერძოდ, ერთიდაიგივე საქმეზე სხვადასხვა მოსამართლებ სხვადასხვა გადაწყვეტილება შეიძლება გამოიტანოს. მეორე შემთხვევაში კი უფრო სტაბილური იქნება სასამართლოს პრაქტიკა ასეთ საქმეებზე.

     

    არსებითად ერთგვაროვან საქმეებზე უფრო მეტად იქნება უზრუნველყოფილი ერთგვაროვანი გადაწყვეტიებების გამოტანა. ორივე მიმართულებით შეიძლება განვითარდეს სასამართლო პრაქტიკა, მაგრამ მეორე ვარიანტი მემგონი უფრო სწორი იქნება. .

    #22610
    Crassus
    Participant

    “საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის” ცნება, დაკავშირებულია საფრთხის ობიექტურ ცნებასთან, კერძოდ ჩვენ ობიექტურად გვაქვს საფრთხე მაშინ, როცა საკმარისი “საფუძველი გვაქვს ვარაუდისათვის”, რომ მოვლენათა შეუფერხებელი განვითარების შემთხვევაში მიადგება ზიანი პოლიციის მიერ დაცულ სიკეთეებს.

     

    პოლიციელის მიერ საპოლიციო ღონისძიების განხორციელების მართლზომიერებას ამოწმებს სასამართლო, აქედან გამომდინარე, პოლიციელმა საფრთხის პროგნოზის დროს იყენებს იმ კრიტერიუმებს,(ის კრიტერიუმები, რაც ზემო პოსტში დავწერე) რაც სასამართლომ უნდა გამოიყენოს უკვე პოლიციელის ქმედების შეფასების დროს. იმ განსხვავებით, რომ სასამართლოს უკვე შესრულებული ქმედების შეფასება უწევს, ხოლო პოლიციელს არასრულყოფილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად უწევს მოქმედება.

     

    თავის მხრივ სასამართლო, როცა აფასებს ობიექტურად საფრთხის არსებობას, იგი გამოდის ობიექტური გარემოებებიდან და არა სუბიექტური საშუალო მუშაკის აღქმიდან (რა ეგონებოდა საშუალო მუშაკს), სწორედ ამაში ვლინდება საფრთხის ობიექტური შეფასება.

     

    თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციელის ქმედება მართლსაწინააღმდეგოა, როცა იგი კეთილსინდისიერად ახორციელებს მოქმედებას (ისე, როგორც სხვა საშუალო მუშაკი განახორციელებდა მის ადგილას) და საფრთხე არ არსებობს ობიექტურად. ამ შემთხვევაში გამოიყენება სწორედ საფრთხის სუბიექტური თეორია და მისი ქმედება მაინც მართლზომიერი იქნება უკვე საფრთხის სუბიექტური ცნებიდან გამომდინარე, რომელიც პირდაპირ არ არის მითითებული კანონში, თუმცა სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარეობს.

     

    ანუ სასამართლო არ აფასებს პოლიციელის ქმედებას მხოლოდ საფთხის ობიექტურ მხარის შესაბამისად, (რაც ვლინდება ტერმინში “საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის”, არამედ იგი ასევე იყენებს საფრთხის სუბიექტურ ცნებასაც და შესაბამისად ასე უფრო სრულყოფილად და სამართლიანად ხდება პოლიციელის ქმედების მართლზომიერების საკითხის შემოწმება.

    #3545
    kakha
    Member

    საზ. მართლწესრიგი – საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობების სისტემა, რომელიც წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და იმ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

    დავამატოთ… პოლიციის მიერ დასაცავია არა ნებისმიერი ქცევის წერი რომელიც ემყარება ადათ-წესს, ტრადიციას და ზნეობრივ ნორმას, არამედ მხოლოდ ისეთი რომლის შესრულებასაც საზოგადოება სავალდებულოდ მიიჩნევს და შეუსრულებლობას, ამავდროულად მოჰყვება საზოგადოებრივი გაკიცხვა. .

     

    როგორ ფიქრობ, პოლიციის მიერ დასაცავი სიკეთე სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში, რადგან ამ ჯგუფებში ჩამოყალიბებული ზნეობრივი ნორმები და.შ. განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, შეიძლება სხვადასხვა იყოს? თუ, უნივერსალურია ეს ქცევის წესები და ურთიერთობათა სისტემა? კანონით რაც რეგულირდება ეგ საერთოა რათქმაუნდა. ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით რეგულირებულს ვგულისხმობ.

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 95 total)
  • You must be logged in to reply to this topic.