Viewing 10 posts - 1 through 10 (of 10 total)
  • Author
    Posts
  • #29667

    ამ თემაში ვისაუბრებთ ქონების გადასახადის შესახებ: ვინ არიან ქონების გადასახადის გადამხდელი სუბიექტები, რა არის ქონების გადასახადის ობიექტი, როგორია ქონების გადასახადის განაკვეთი, როგორ და როდის ხდება ქონების გადასახადის დეკლარირება და გადახდა და ა.შ.

    #29668

    ქონების გადასახადის გადამხდელი სუბიექტები

    • რეზიდენტი საწარმო ან ორგანიზაცია;
    • არარეზიდენტი საწარმო საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ გარკვეული ტიპის ქონებაზე;
    • ფიზიკური პირი.

    შენიშვნა: რეზიდენტი და არარეზიდენტი საწარმოების ცნების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლიკნზე.

    #29669

    ქონების გადასახადის დაბეგვრის ობიექტი

    1. რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია: მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობები, აგრეთვე ლიზინგით გაცემული ქონება.

    2. არარეზიდენტი საწარმო: იგივე რაც რეზიდენტისთვის, თუ ეს ქონება მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე.

    3. ფიზიკური პირი: საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათ ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები; არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონება;

    ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონება.

    ქონების გადასხადის გადახდის მიზნებისათვის, პირი ქონების გადასახადის გადამხდელია მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

    მაგ: გარდაიცვალა „ა“, რომელმაც მემკვიდრეობით დაუტოვა „ბ“-ს 100 ჰექტარი მიწა კახეთში. „ბ“ ფაქტობრივად ფლობდა ამ მიწას, თუმცა მას არ მოუხდენია მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, მიუხედავად ამისა, იგი ვალდებულია გადაიხადოს ქონების გადასხადი.

    #29672
    BLH
    Keymaster

    ქონებაზე გადასახადის განაკვეთი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის

    საწარმო/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით.

    ამ ოდენობის ფარგლებში ზუსტ განაკვეთს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობა.

    დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება. საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით.

    მაგ: საწარმო დარეგისტრირდა 2015 წლის 10 სექტემბერს. 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საწარმოს დასაბეგრი ქონების ღირებულება შეადგენდა 100.000 ლარს, ხოლო ცვეთა შეადგენდა 20.000 ლარს.

    2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საწარმოს დასაბეგრი ქონების ღირებულება შეადგენდა 200.000 ლარს, ხოლო ცვეთა შეადგენდა 40.000 ლარს.

    ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ქონების გადასახადი განისაზღვრა 1%-ის ოდენობით.

    2016 წლის ქონების გადასხადის გამოთვლა: (100.000-20.000) + (200.000-40.000)/ 2 * 1%= 1.200 ლარი.

    #29673

    დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასით

    საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ცალკეულ შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

    ა)პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

    ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

    #29674
    BLH
    Keymaster

    ქონების გადასახადის განაკვეთი ფიზიკური პირებისათვის

    ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

    ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

    ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

    ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:

    ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი;

    ბ) ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;

    გ) დარიცხული ხელფასი;

    დ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის:

    დ.ა) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი;

    დ.ბ) დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს.

    შემოსავლებში არ შეიტანება:

    ა) ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება;

    ბ) ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

    გ) საგადასხადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

    დ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;

    ე) საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ(1)“ და „ბ(2)“ ქვეპუნქტების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი;

    საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.

    დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.

    #29684

    მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი

    მიწაზე ქონების გადასახადის გადახდა, ხორციელდება სხვა დასაბეგრი ქონებისგან დამოუკიდებლად.

    მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია ნებისმიერი პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

    საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

    სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

    მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე).

    #29685
    BLH
    Keymaster

    მიწაზე ქონების გადასხადის განაკვეთი

    მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთის დადგენის მიზნით მიწა დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად:

    • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;
    • ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები;
    • არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;
    • ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწა.

      მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება შემდეგნაირად:

    • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე: ადგილობრივი თვითმმართველობა ადგენს მთავრობის მიერ განსაზღვრული საბაზისო განაკვეთის 150%-მდე ოდენობის ფარგლებში.
    • ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე: ადგილობრივი თვითმმართველობა ადგენს მთავრობის მიერ განსაზღვრული საბაზისო განაკვეთის 150%-მდე ოდენობის ფარგლებში.
    • არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე: ადგილობრივი თვითმმართველობა ადგენს საბაზისო განაკვეთის50-მდე ოდენობის ფარგლებში; საბაზისო განაკვეთია 0.24 ლარი.
    • ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწა: ერთ ჰექტარზე არა უმეტეს 3 ლარი საბაზისო განაკვეთის ზღვრულ ოდენობას ადგენს კოდექსი.

    მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.   მიწის სხვადასხვა კატეგორეიბზე საბაზისო განაკვეთს, კოდექით დადგენილ ფარგლებში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. (იხ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის დადგენილება №50 „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“   საბაზისო განაკვეთების ზღვრული ოდენობები მოცემულია სსკ-ს 204-ე მუხლში.

    #30663
    BLH
    Keymaster

    საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდა

    ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

    საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა მიწაზე ქონების გადასახადისა, რომელსაც იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

    დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

    საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

    თუ გადასახადის გადამხდელი საწარმო/ორგანიზაცია მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში არსებობს, იგი ქონებაზე გადასახადს იხდის ამ პერიოდის პროპორციულად.

    თუ იურიდიული პირი კალენდარული წლის დაწყების შემდეგ დაფუძნდა, მას შესაბამისი საგადასახადო პერიოდის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება. ამასთანავე, მომდევნო საგადასახადო პერიოდის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის ოდენობა განისაზღვრება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის სრული ოდენობით.

    მაგ: საწარმო დაფუძნდა 2015 წლის 10 მარტს. ამავე წლის მიხედვით მის ბალანსზე რიცხული აქტივების მიხედვით ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის ნარჩენმა საბალანსო ღირებულებამ შეადგინა 90 ათასი ლარი.

    მოცემულ შემთხვევაში:

    საწარმოს 2015 წლის 15 ივნისისათვის მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა;

    საწარმო ვალდებულია არა უგვიანეს 2016 წლის 1 აპრილისა 2015 წლის ქონების გადასახადი გადაიხადოს მისი ფუნქციონირების პერიოდის (10 თვე) პროპორციულად 75 ათასი ლარის ქონების ღირებულებიდან.

    საწარმო ვალდებულია არა უგვიანეს 2016 წლის 15 ივნისისა საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელი გასული საგადასახადო წლის (2015 წელი) წლიური გადასახადის სრული ოდენობით (90 ათასი ლარის ქონების ღირებულებიდან).

    #30664
    BLH
    Keymaster

    ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდა

    ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე.

    ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

    ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 10 total)
  • You must be logged in to reply to this topic.