Viewing 4 posts - 1 through 4 (of 4 total)
  • Author
    Posts
  • #29615
    Crassus
    Participant

    საავტორო უფლებები

    ამ თემაში განვიხილავთ საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

    #38065
    BLH
    Keymaster

    არაქონებრივი საავტორო უფლებების დაცვა სამსახურეობრივ ნაწარმოებებზე

    (სუსგ.№ას-924-874-2015)

    “საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემული დავის საგანი ავტორის არაქონებრივი უფლების დაცვაა და თუკი მოსარჩელის შემოქმედებას თუნდაც სამსახურებრივ ნაწარმოებად მივიჩნევდით, ეს გარემოება, სხვა წინაპირობების არსებობისას, ხელისშემშლელი ვერ იქნებოდა სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, რადგანაც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი აქცენტს საავტორო ქონებრივ უფლებებზე აკეთებს და არ ადგენს რაიმე შეზღუდვას ავტორის არაქონებრივი უფლებების მიმართ.”

    #38067
    BLH
    Keymaster

    საავტორო უფლებების წარმოშობა

    (სუსგ.№ას-924-874-2015)

    „ბერნის კონვენციის“ 5.(2) მუხლის თანახმად, საავტორო უფლებებით სარგებლობა და მათი გამოყენება არ არის დაკავშირებული რაიმე ფორმალობის შესრულებაზე; ასეთი სარგებლობა და  გამოყენება  არ  არის  დამოკიდებული ნაწარმოების წარმოშობის ქვეყანაში დაცვის არსებობაზე.

    საავტორო უფლების წარმოშობის თვალსაზრისით ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი დანაწესებიც, კერძოდ, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორის უფლება ნაწარმოების შექმნის მომენტიდან წარმოიშობა.

    ნაწარმოები კი, ობიექტური ფორმით გამოხატვიდან ითვლება შექმნილად (რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა) და უფლების განხორციელებისათვის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობების დაცვა არ არის სავალდებულო (9.1 და 9.2 მუხლები), ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ კანონმდებლობა საავტორო უფლებათა დაცვას ნაწარმოების შექმნას უკავშირებს და მისი ნამდვილობა ავტორის მხრიდან სხვა დამატებითი მოქმედების განხორციელებაზე არ არის დამოკიდებული.

    #38070
    BLH
    Keymaster

    საავტორო უფლებებისა და მესაკუთრის ინტერესბს შორის ბალანსი

    (სუსგ.№ას-924-874-2015)

    მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს ავტორის უფლებათა დაცვის ქმედით მექანიზმებს და ადგენს გონივრულ ბალანსს ავტორის საავტორო უფლებათა და ქონების მესაკუთრის ინტერესებს შორის.

    „ბერნის კონვენციის“ მე-6bis მუხლის (1) პუნქტის თანახმად, ავტორის ქონებრივი  უფლებებისგან დამოუკიდებლად და აღნიშნული უფლებების გადაცემის შემდეგაც კი, ავტორს აქვს უფლება მოითხოვოს ნაწარმოების ავტორად აღიარება და წინ აღუდგეს ამ  ნაწარმოების  ნებისმიერ  გაუკუღმართებას, დამახინჯებას, ან  სხვაგვარ  ცვლილებას, ასევე ამ ნაწარმოების  ნებისმიერ  სხვა  შელახვას, რომელმაც  შესაძლოა  ზიანი  მიაყენოს  ავტორის  ღირსებას ან  რეპუტაციას.

    ანალოგიურ დათქმას შეიცავს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 17.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეპუტაციის პატივისცემის უფლება ავტორის კანონით აღიარებული ის განსაკუთრებული უფლებაა, რომელიც უპირობო დაცვას ექვემდებარება.

    ასეთ შემთხვევაში, ეროვნული კანონმდებლობა ადგენს უფლების დაცვის წესსაც, კერძოდ, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის თანახმად, საავტორო უფლების მფლობელს უფლება აქვს დამრღვევისაგან მოითხოვოს უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს (59.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).

    საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს მოპასუხე საწარმოს არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სარჩელის დაკმაყოფილებით ილახება მისი, როგორც მესაკუთრის კონსტიტუციური უფლება, თავისუფლად ისარგებლოს საკუთრებით.

    საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის ლეგალურ ფარგლებს და კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევა პროპორციულია თუ ეს ჩარევა განპირობებულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით; შეზღუდვა კანონით პირდაპირაა განსაზღვრული და არ ირღვევა საკუთრების უფლების არსი.

    ამგვარი შემთხვევის კერძო გამოხატულებას სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გამონაკლისი წარმოადგენს, კერძოდ, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

    კანონში მითითებულ მესამე პირად შეიძლება სწორედ საავტორო უფლების მქონე პირი მოვიჩნიოთ, რომლის უფლებებიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონითაა დაცული.

    პალატა სრულად იზიარებს ზ.ც-ის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი არასწორად დაასაბუთა ახალი ავტორის უფლების დაცვით. ასეთ შემთხვევაში, გაურკვეველია, რა პრიორიტეტით ისარგებლდა სააპელაციო პალატამ და როგორ განსაზღვრა იმ ავტორის საავტორო უფლების უპირატესობა, რომლის ნაწარმოებიც შესაძლოა არღვევდეს უკვე არსებულ საავტორო უფლებას.

Viewing 4 posts - 1 through 4 (of 4 total)
  • You must be logged in to reply to this topic.