Viewing 10 posts - 1 through 10 (of 34 total)
  • Author
    Posts
  • #27854
    BLH
    Keymaster

    ამ თემაში განვიხილავთ მომსახურების და ნარდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს.

    სარჩევი:

    1.ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულების არსი

    ნარდობის ხელშეკრულების ცნება

    მომსახურების ხელშეკრულების ცნება

    ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულების არსებითი პირობები

    სამუშაოს პირადად შესრულების ვალდებულება

    2. ხარჯთარღრიცხვის იურიდიული მნიშვნელობა

    ხარჯთაღრიცხვა

    ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შედეგები

    3. მხარეთა ვალდებულებების შესრულება

    შემკვეთის ვალდებულება საფასურის გადახდის შესახებ

    ნარდობით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების მტკიცება

    4. ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულების მოშლა

    ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულების მოშლის საფუძვლები

    შემკვეთის მიერ ხელშეკრულების მოშლა

    შემკვეთს მიერ ხელშეკრულების მოშლის შედეგები

    შემკვეთის მიერ ხელშეკრულების მოშლა სამუშაოს ნაკლის არსებობისას

    მენარდის მიერ ხელშეკრულების მოშლა

    5. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

    მენარდის ვალდებულება შემკვეთის გაფრთხილების შესახებ

    6. შემკვეთის მიერ სამუშაოს დროულად მიუღებლობა

    შემკვეთის მიერ სამუშაოს დროულად მიუღებლობის შედეგები

    შემკვეთის პასუხისმგებლობა სამუშაოს დროულად მიუღებლობისთვის

    სამუშაოს გადაცემა და მენარდის პასუხისმგებლობა სამუშაოს გადაცემამდე

    7. ნარდობის საგნის ნაკლი

    უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება

    სამუშაოს შესრულება მენარდის მასალით

    საგარანტიო ვადა და შემკვეთის უფლებამოსილება

    8. სხვა საკითხები

    სპეციალური ხანდაზმულობის ვადები

    ნარდობასა და ნასყიდობას შორის განსხვავება

    ნარდობასა და შრომის ხელშეკრულებას შორის განსხვავება

    უძრავ ნივთთან დაკავშირებული ნარდობის ხელშეკრულების ფორმა

    #27918
    BLH
    Keymaster

    რა არის ნარდობის ხელშეკრულება?

    ნარდოობის მხარეები – მენარდე და შემკვეთი, შეიძლება იყვნენ, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.

    ნარდობის ხელშეკრულების საგანი – ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

    სამუშაოს ტიპი– მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს:

    ა) ნივთების შექმნა- (მაგ: სახლის აშენება, ტანსაცმლის დამზადება, საჭმლის დამზადება და ა.შ.);

    ბ) არამატერიალურ-ქონებრივი სიკეთის შექმნა ( მაგ: კომპიუტერული პროგრამის შექმნა, ვებ გვერდის შექმნა);

    გ) ნივთების შეცვა/აღდგენა- (მაგ: რემონტი, შეკეთება, გადაკეთება, შეცვლა და ა.შ.);

    დ) სხვა ნებისმიერი ტიპის სამუშაო, რომელსაც გააჩნია შედეგი.

    ნარდოობის ხელშეკრულებისას მენარდე ქონებრივად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია შემკვეთისაგან და მას არ ექვემდებარება. მენარდე სამუშაოს ასრულებს, პირადად და საკუთარი რისკით.

    მაგ: მენარდე არ არის ვალდებული გაითვალისწინოს შემკვეთის მითითება, რომ გარკვეული მასალა იყიდოს კონკრეტულ ადგილას, თუ იგივე ხარისხისა და თვისებების მქონე მასალის ყიდვა მენარდეს შეუძლია სხვაგან.

    ნარდოობის ხელშეკრულება შეიძლება მიზნად ისახავადეს რთული სამუშაოების შესრულებას. მაგ: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას. რთული სამუშაოების შესრულებისას ნარდობის ხელშეკრულებას თან ერთვის სამუშაოთა წარმოების ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაცია(ნარდობის საგნის ტექნიკური დახასიათება), გარდა ამისა ხელშეკრულების ფასის განსაზღვირსათვის საჭიროა სპეციალური დოკუმენტის-ხარჯთაღირცხვის შედგენა.

    #27932
    BLH
    Keymaster

    რა არის მომსახურების ხელშეკრულება?

    მომსახურების ხელშეკრულების შესახებ სპეციალური რეგულაციები სამოქალაქო კოდექსში არ გვაქვს, თუმცა იგი ყველაზე ახლოს დგას თავისი არსით ნარდობის ხელშეკრულებასთან და გარდა ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნორმებისა, მასზე უნდა გავრცელდეს ასევე ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი სპეციალური ნორმებიც (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები).

    ამის თაობაზე საინტერესოა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (ას-223-215-2013), სადაც მომსახურების ხელშეკრულებაზე სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა გაავრცელეს ნარდობის მარეგულირებელი ნორმები, როგორც ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები.

    ორივე ხელშეკრულებაში ერთი მხარე ასრულებს სამუშაოს მეორე მხარის სასარგებლოდ, ხოლო ეს უკანასკნელი იხდის შესაბამის საფასურს. განსხვავება არის იმაში, რომ ნარდობის ხელშეკრულების საგანია მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი. მაგ: დამზადებული ნივთი, გარემონტებული ბინა, დამზადებული ვებ გვერდი. თუ არ არის შედეგი, მაშინ ნარდობის ხელშეკრულება ვერ ჩაითვლება შესრულებულად, ხოლო მომსახურების ხელშეკრულების საგანია მომსახურება, რომელსაც მატერიალური შედეგი არ გააჩნია. მაგ: კონსულტაციის გაწევა იურიდიულ საკითხებზე, სწავლება, ბაღის მოვლა, სატრანსპორტო მომსახურების გაწევა და ა.შ.

    ამდენად მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში ერთი მხარე (შემსრულებელი) ასრულებს გარკვეულ სამუშაოს, რომელსაც არ აქვს მატერიალური შედეგი, ხოლო მეორე მხარე (შემკვეთი) იხდის შესაბამის ანაზღაურებას. მათ შორის ურთიერთობა წესრიგდება, როგორც ზოგადი ვალდებულებითი ნორმებით, ასევე ნარდობის სპეციალური ნორმებით, თუმცა ამავდროულად აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სპეციალური ნორმა თავისი საგამონაკლისო ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ ნარდობის შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული, სამოქალაქო კოდექსის მე-5.3-ე მუხლიდან გამომდინარე, მაგ:  სამოქალაქო კოდექსის 634-ე და 635-ე მუხლები.

    #28022

    ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულების არსებითი პირობები

    ზოგადი წესის მიხედვით ხელშეკრულება ითვლება დადებულად და წარმოშობს უფლება-მოვალეობებს, თუ მხარეები შეთანხმდებიან მის არსებით პირობებზე, საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

    სააპელაციო სასამართლომ გააკეთა საინტერესო განმარტება ნარდობის ხელშეკრულების არსებითი პირობების შესახებ: (საქმე, №ას-55-54-2014)

    “სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის, 50-ე, 69-ე მუხლების, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 629-ე მუხლის პირველი ნაწილის, 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნარდობის ხელშეკრულების არსებითი პირობებია ხელშეკრულების საგანი (ანუ ის სამუშაო, რომელიც უნდა შეასრულოს მენარდემ), ხელშეკრულების შესრულების ვადა, პირობები და ხელშეკრულების ფასი. “ (იგივე შინაარსის განმარტება გაკეთდა საქმეში N- ას-842-1201-06).

    თუმცა ეს განმარტება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რეალურად ნარდობის ხელშეკრულების არსებითი პირობაა მხარეების მიერ მხოლოდ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ შეთანხმება (მის მოცულობაზე და არსზე შეთანხმება). ხოლო სხვა პირობებზე შეთანხმება, როგორიცაა ხელშეკრულების ვადა, ფასი და სხვა პირობები შეთანხმება სავალდებულო არ არის, იმისათვის, რომ ხელშეკრულება ჩაითვალოს დადებულად, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთი მხარე ითხოვს ამ პირობებზე შეთანხმებას.

    სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლი არეგულირებს სამუშაოს ანაღაურების საკითხს, რომლის მიხედვითაც ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი, ხოლო თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ  ჩვეულებრივი ანაზღაურება.

    ამდენად ამ მუხლიდან გამომდინარე, ნარდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს, ისე, რომ მხარეები არ შეთანხმდნენ სამუშაოს საფასურზე, ხოლო ისეთ სიტუაციაში, რომელიც სცდება 630-ე მუხლის რეგულაციას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლი და მენარდემ თვითონ განსაზღვროს ცალმხრივად სამუშაოს ფასი, სამართლიანობის ფარგლებში.

    იგივე ითქმის ნარდობის ხელშეკრულების ვადაზეც, რომელზეც ვრცელდება ასევე ზოგადი სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.

    ზუსტად ანალოგიური მიდგომაა არსებითი პირობების შესახებ მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაშიც, კერძოდ მომსახურების ხელშეკრულების არსებითი პირობაა, მომსახურების შინაარსზე/არსზე შეთანხმება. აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება საკმარისი მომსახურების ხელშეკრულების დასადებად.

    #28100
    BLH
    Keymaster

    მენარდის მიერ ვალდებულების პირადად შესრულება

    სამოქალაქო კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით:

    თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც.

    ხოლო სამოქალაქო კოდექსის 632-ე მუხლის მიხედვით:

    მენარდემ პირადად უნდა შეასრულოს სამუშაო მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ეს გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებებიდან ან სამუშაოს ხასიათიდან.

    ამდენად მენარდეს შეუძლია სხვას გადაანდოს სამუშაოს შესრულება, თუ კანონიდან, მხარეთა შეთანხმებიდან ან/და სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე ეს ვალდებულება მან პირადად არ უნდა შეასრულოს.

    მაგ: თუ ცნობილ მხატვარს დაუკვეთეს სურათის დახატვა, მაშინ ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე, იგი ვერ გადაანდობს ვალდებულების შესრულებას სხვა პირს.

    მაგ: თუ მხარეები შეთანხმდნენ ნარდობის ხელშეკრულებით, რომ ვალდებულებას შეასრულებდა პირადად „ა“, მაშინ „ა“ ვერ გადაანდობს ვალდებულების შესრულებსა „ბ“-ს.

    მენარდე უფლებამოსილია თავისი ვალდებულება გადაანდროს სხვა პირს ქვენარდობის ხელშეკრულებით, ან შესაძლებელია იგი შრომით ურთიერთობაში იყოს სხვა პირთან, რომელიც მისი სახელით შეასრულებს სამუშაოს, ორივე შემთხვევაში შესრულებლი სამუშაოსათვის პასუხისმგებელია მენარდე, შემკვეთის წინაშე.

    სამუშაოს გადანდობის შემთხვევაში, მენარდის პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი, გარდა ზოგადი წესისა, რომ მენარდემ აღებული ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად (სკ-ის 361.2-ე მუხლი) ასევე შეიძლება იყოს სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლის დანაწესი: (იხ. სუსგ ას11621091-2012) 

    მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს.

    რაც შეეხება მომსახურების ხელშეკრულებას, აქაც ანალოგიური რეგულაციები მოქმედებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ნარდობის შემთხვევაში.

    #28102

    ხარჯთაღრიცხვა

    ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენს სპეციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებაც საჭიროა ისეთ შემთხვევაში, როცა მენარდე ასრულებს რთულ სამუშაოს, რომელიც მოიცავს ცალკეულ ეტაპებს,  ხასიათდება კომპლექსურობით და მრავალი დეტალით.

    ხარჯთაღრიცხვა ხელშეკრულებას დაერთვის, როგორც დანართი და მისი განუყოფელი ნაწილია, მასში განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და საფასური.

    ორი ტიპის ხარჯთაღრიცხვა არსებობს:

    მყარი ხარჯთაღრიცხვა- როცა ზუსტადაა განსაზღვრული სამუშაოს საფასურის მოცულობა.

    მყარი ხარჯთაღრიცხვისას, საფასური არ ექვემდებარება გადასინჯვას, მიუხედავად მისი გადასინჯვის მოთხოვნის მიზეზისა. არსებობს გამონაკლისი, როცა შეიძლება მისი შემცირება/გაზრდა:

    ა) მასალების,მოწყობილობების, მომსახურეობის ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდის შემთხვევაში, მენარდეს უფლება აქვს მოითხოვოს ანაზღაურების ოდენობის გაზრდა, ხოლო თუ შემკვეთი უარს იტყვის, მაშინ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სკ-ს 398-ე მუხლი. (იხ. სუსგ.№ას-888-834-2012)

    ბ) საფასურის შემცირების მოთხოვნა შეიძლება, როცა ვთქვათ ძალიან შემცირდა სამუშაოს შესასრულებლად დადგენილი ფასები. აქაც გამოიყენება სკ-ის 398-ე მუხლი.

    მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა – რომელიც სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს/შემცირდეს.

    თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას  მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ წინასწარი შეთანხმებული საზღაური.(ხარჯთააღრიცხვით გათვალისწინებული). გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაზრდილი ხარჯების გათვალისწინება შეუძლებელი იყო. ეს ყველაფერი თითეულ სიტუაციაში კონკრეტულად უნდა დადგინდეს გარემოებებიდან გამომდინარე.

    ისეთი ხარჯების ზრდის შესახებ, რომელიც წინასწარ შეუძლებელი იყო, რომ  განსაზღვრულიყო, მენარდემ უნდა დაუყოვნებლივ შეატყობინოს შემკვეთს. ამ შემთხვევაში ხდება გარემოებებეის არსებითი ცვლილება(სსკ-ს 398) ასეთი ცვლილებაა.

    მაგ: მასალის გაძვირება, მუშახელის გაძვირება, სახელმწიფო გადასახადის შემოღება და ა.შ. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.რაც შეეხება ხარჯთაღრიცხვის უმნიშვნელოდ გადაჭარბებას, იგი უნდა ანაზღაურდეს იმ პირობით, თუ შემკვეთს დროულად ეცნობა.

    სხვადასხვა დავების თავიდან აცილებისთვის ხარჯთაღრიცხვაში შეიძლება გაითვალისწინონ დამატებითი სამუშაოების ხარჯების დასაფარავი რეზერვები. დამატებითი ფულადი სახსრები.

     ამ საკითხზეა საინტერესოა უზენაესი სასამართლოს განმარტება (საქმე სუსგ. ას-842-1201-06):

    “როცა ნარდობის ხელშეკრულება მიზნად ისახავს რთული სამუშაოების შესრულებას (მაგ. მშენებლობა), ნარდობის ხელშეკრულებას თან უნდა ერთვოდეს სამუშაოთა წარმოების ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაცია, ხელშეკრულების ფასის განსაზღვრისათვის საჭიროა ხარჯთაღრიცხვის შედგენა (მყარი ან მიახლოებითი). ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები ითვალისწინებენ შემკვეთის მიერ შენობის მიღების ვალდებულებას, რაც მიღება-ჩაბარების აქტებით ხორციელდება.”

     

    #28104
    BLH
    Keymaster

    შემკვეთის მიერ სამუშაოს დროულად მიუღებლობისას წარმოშობილი ზიანი

    “მენარდეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს. შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას.” (სკ. 633.1)

    მაგ: შეკვეთილი ავეჯის დასამზადებლად, შემკვეთს უნდა მიეტანა მენარდისთვის გარკვეული მასალა, ბინაში რემონტისთვის უნდა უზრუნელყო ელექტროენერგიის ჩართვა ბინაში და ა.შ.

    აღნიშნული სპეციალური ნორმა, არის უფრო ზოგადი 390-ე და 391-ე მუხლების გამოძახილი, რომლის მიხედვითაც:

    „კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ იგი არ იღებს მისთვის შემოთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია.“ (სკ. 390.1)

    „თუ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა კრედიტორის ესა თუ ის მოქმედება, ვადის გადაცილებად ჩაითვლება, თუ იგი ამ მოქმედებას არ ასრულებს.“ (სკ. 390.2)

    „კრედიტორმა უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მიადგა მოვალეს შესრულებული ვალდებულების მიღების ვადის ბრალეული გადაცილების გამო.“ (სკ.391)

    შემკვეთის მიერ შესრულების დროულად მიუღებლობის შედეგი

    ზიანის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სტანდარტის მიხედვით, ანუ მენარდე უნდა აღდგეს იმ ქონებრივ მდგომარეობაში, რომელშიც იგი იქნებოდა, შემკვეთს, რომ დროულად მიეღო შესრულება.

    აღსანიშნავია, რომ შემკვეთის მიერ ვადის გადაცილებისას მენარდე მხოლოდ მაშინ არის პასუხისმგებელი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, თუკი შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა მოვალის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო.

    მაგ: თუ შემკვეთმა არ მიიღო დროულად მენარდის მიერ დამზადებული ნივთი, ხოლო შემდგომ მენარდის უბრალო გაუფრთხილებლობის გამო დაზიანდა ეს ნივთი, მაშინ შემკვეთი ვერ მოითხოვს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ზიანის ანაზღაურებას, თუმცა მას შეეძლება გავიდეს ხელშეკრულებიდან და არ გადაიხადოს მისი საფასური.

    შემკვეთის მიერ ვადის გადაცილებისას მისი ბრალის მიუხედავად:

    ა) იგი ვალდებულია აუნაზღაუროს მოვალეს ხელშეკრულების საგნის შენახვის გამო წარმოშობილი ზედმეტი ხარჯები, მაგ: ნარდობის საგნის შენახვის დამატებითი ხარჯები.

    ბ) მას ეკისრება ნივთის შემთხვევით გაფუჭების ან დაღუპვის რისკი; მაგ: თუ შემკვეთმა დროულად არ მიიღო ნარდობის საგანი და ეს ნივთი შემთხვევითობის გამო განადგურდა, ამ შემთხვევაში იგი მაინც ვალდებული იქნება მოახდინოს ანაზღაურება.

    გ) მას აღარა აქვს ფულადი ვალდებულებისათვის პროცენტის მიღების უფლება- იგი ვერ მოითხოვს პირგასამტეხლოს ან სხვა ტიპის ზიანის ანაზღაურებას.

    #28119

    ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულებიდან მოშლა

    ზოგადად ხელშეკრულების დადებისთანავე მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ბოჭვის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი უფლებამოსილნი არ არიან ცალმხრივად უარი თქვან ხელშეკრულებაზე (გარდა კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევიბსა).

    შემდგომ პოსტებში განვიხილავთ სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით, როგორც შემკვეთის მხრიდან, ისე მენარდის მხრიდან, ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორც ვალდებულების დარღვევის პირობებში, ასევე ისეთ შემთხვევებში, როცა სახეზე არ გვაქვს ვალდებულების დარღვევა მხარეების მხრიდან.

    #28122

    შემკვეთის მიერ ხელშეკრულების მოშლა

    I.  ხელშეკრულების მოშლა, როდესაც მენარდეს არ დაურღვევია ვალდებულება

    ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი შემკვეთს ანიჭებს უფლებამოსილებას ნებისმიერი დროს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, მიზეზის გარეშე. თუმცა ამ ნორმის საფუძველზე ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა იწვევს გარკვეულ ნეგატიურ სამართლებრივ შედეგს შემკვეთისათვის, კერძოდ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

    ამდენად, ამ საფუძვლით ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შემკვეთმა დაუყონებლივ უნდა შეატყობინოს მენარდეს და გადაუსახდოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს პროპორციულად, რომელიც მენარდის მიერ შესრულებულია შემკვეთისაგან ხელშეკრულების მოშლის შესახებ შეტყობინების მიღების მომენტამდე. ასევე აუნაზღაუროს ხელშეკრულებით მოშლით მიყენებული ზიანი, რასაც მენარდე მიიღებდა ხელშეკრულება, რომ არ მოშლილიყო ვადამდე.

    მაგ: სამუშაოდან გამომდინარე მენარდეს უნდა მიეღო 5.000 ლარი მოგება. ხელშეკრულების მოშლის გამო, მან ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებით მიიღო 3.000 ლარის მოგება. მას ასევე შეუძლია მოითხოვოს დარჩენილი 2.000 ლარი, რასაც იგი მიიღებდა სრული მოცულობით სამუშაოს შესრულების შემთხვევაში.

    შემკვეთი უფლებამოსილია მოშალოს ნარდობის ხელშეკრულება, მენარდის მხრიდან ვალდებულების დარღვევის არ არსებობის პირობებში სკ-ის 398-ე და 399-ე მუხლებითაც. ამ მუხლებიდან გამომდინარე მოშლის საფუძვლების განხილვას ამ თემაში არ შევუდგებით, რადგან ეს საკითხი უკვე განვიხილეთ სახელშეკრულებო სამართლის თემაში. თუმცა იმას ავღნიშნავ, რომ სკ-ის 399-ე მუხლით ნარდობის ხელშეკრულების მოშლა იმით განსხვავდება 636-ე მუხლით ხელშეკრულების მოშლასთან, რომ პირველ შემთხვევაში, მეორისგან განსხვავებით აუცილებელია გვქონდეს: ა) გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობა, ბ) ხელშეკრულების მოშლის პატივსადები მიზეზი.

    II.  ხელშეკრულების მოშლა, როდესაც მენარდემ დაარღვია თავისი ვალდებულება

    მენარდე ვალდებულია თავისი ვალდებულება შეასრულოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სტანდარტით (ჯეროვნად). იმ შემთხვევაში თუ მენარდე არღვევს თავის ვალდებულებას, (მაგ: ნელა, უხარისხოთ ასრულებს სამუშაოს) შემკვეთი უფლებამოსილია მოშალოს ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 399-ე, 405-ე და 644-ე მუხლებიდან გამომდინარე.

    სკ-ის 399-ე მუხლი გამოიყენება ისეთ შემთხვევაში, როცა სახეზეა გრძელვადიანი ნარდობითი ურთიერთობა და მენარდე არღვევს ვალდებულებას. ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ.

    სკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე ხელშეკრულების მოშლის შედეგად, თუ უკვე შესრულებული სამუშაო აღარ წარმოადგენს უფლებამოსილი პირისათვის რაიმე ინტერესს ხელშეკრულების მოშლის შედეგად, მაშინ ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ამ შესრულებაზედაც გავრცელდეს.

    თუ სახეზე არ არის გრძელვადიანი ურთიერთობა, მაშინ შემკვეთი უფლებამოსილია დაეყდნოს სამოქალაქო კოდექსის 644-ე და 405-ე მუხლებს.

    #28363
    Crassus
    Participant

    შემკვეთის მიერ ხელშეკრულების მოშლისას დამდგარი ზიანი

    (სუსგ N- ას-87-82-2010)  ეს გადაწყვეტილება ეხება სწორედ ზიანის ანაზღაურების საკითხს, როცა შემკვეთი სკ-ის 636-ე მუხლის საფუძველზე ცალმხრივად მოშლის ნარდობის ხელშეკრულებას.

    პირველი ინსტანციის განმარტება: იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის საფუძველზე შპს “საქართველოს რკინიგზას” უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა შეთანხმებული მოცულობის სამუშაოს შესრულებაზე და აენაზღაურებინა მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობა, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან 394-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელეს ხელშეკრულების მოშლით არ განუცდია რაიმე ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის შინაარსი გულისხმობს მენარდისათვის ხელშეკრულების მოშლით მიყენებული რეალური ზიანის ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის და არა იმ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, რასაც მენარდე შემკვეთის სრული მოცულობის შესრულების მიღების შედეგად ვარაუდობდა.

    სააპელაციო სასამართლოს განმარტება:  სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენი” მიიჩნევდა, რომ შპს “საქართველოს რკინიგზამ” დაარღვია ხელშეკრულების პირობები და აღძრული სარჩელით მოითხოვდა შპს “საქართველოს რკინიგზისათვის” იმ მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას, რომელსაც იგი მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუკი სრული მოცულობით შეასრულებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის შინაარსი და სწორად მიიჩნია, რომ იგი შეეხებოდა მენარდისათვის ხელშეკრულების მოშლით მიყენებული რეალური ზიანის  ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის (სამუშაოს შესასრულებლად, ან მოსამზადებლად უკვე გაწეული ხარჯები და სხვა) და არა იმ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, რომლის მიღებასაც მენარდე შემკვეთის სრული მოცულობით შესრულების შედეგად ვარაუდობდა.

    უზენაესი სასამართლოს განმარტება: საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი. აღნიშნული ნორმა შეეხება ნარდობის ხელშეკრულების მოშლის საკითხს და ადგენს, რომ შემკვეთს უფლება აქვს, სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ ნორმაში მითითებულ “ზიანში” იგულისხმება მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი და არა მიუღებელი შემოსავალი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ნორმის ამგვარად განმარტების საფუძველი. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. 636-ე მუხლიდან არ გამომდინარეობს, რომ იგი ნარდობის ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების საკითხს სხვაგვარად არეგულირებს და მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას მხარეს არ ანიჭებს.

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 34 total)
  • You must be logged in to reply to this topic.