Viewing 6 posts - 1 through 6 (of 6 total)
  • Author
    Posts
  • #34445
    BLH
    Keymaster

    მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიებების არსი

    კრედიტორის მოთხოვნის და სიმშვიდის უფრო მყარად დასაცავად, სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს არაერთ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რომელთა მიზანია ერთი მხრივ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ანუ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების პრევენცია, ხოლო მეორე მხრივ აღნიშნული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

    ამ თემაში განიხილება მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონიძიებები, როგორიცაა პირგასამტეხლო, ბე, თავდებობა და ა.შ.

    #34447
    BLH
    Keymaster

    პირგასამტეხლოს ცნება

    პირგასამტეხლო არის ფულადი სანქცია, ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით, არსობრივად იგივე სამართლებრივი მნიშვნელობისაა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტიც, თუმცა ეს უკანასკნელი მხოლოდ ფულადი ვალდებულებების დროს გამოიყენება, ხოლო პირგასამტეხლო შეიძლება გამოვიყენოთ არაფულადი ვალდებულებების შემთხვევაშიც.

    პირგასამტეხლოს ორი არსებითი ფუნქცია აქვს:

    1.ვალდებულების დარღვევის პრევენციის ფუნქცია- მოვალემ წინასწარ იცის იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც მას ელის თუ იგი არ შეასრულებს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

    2.პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების საშუალებას. იმ ზიანისა, რომელიც შეიძლება განიცადოს გამსესხებელმა, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

    პირგასამტეხლოზე შეთანხმება უნდა მოხდეს აუცილებლად წერილობითი ფორმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი შეთანხმება იქნება ბათილი.

    #34448
    BLH
    Keymaster

    პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა

    პირგასამტეხლოზე შეთანხმებისას, მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე. ანუ მხარეები თანხმდებიან იმ მინიმალური ზიანის ოდენობაზე, რომელიც შეიძლება დადგეს ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით. პირგასამტეხლოს არსებობა ათავისუფლებს კრედიტორს დამდგარი ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთისგან, როდესაც ზიანი დამდგარია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით.

    ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. იმ შემთხვევაში თუ პირგასამტეხლოს ოდენობა, სამართლიანობის სტანდარტს სცილდება, სასამართლო უფლებამოსილია მხარის მოთხოვნით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ამის შესაძლებლობას იძლევა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. იგივე მიდგომა უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსით 403-ე მუხლში განსაზღვრული პროცენტის ოდენობასთან დაკავშირებით, კერძოდ თუ შეუსაბამოდ მაღალია პროცენტის ოდენობა, სამოქალაქო კოდექსის 325-ე და 54-ე მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს სკ-ის 403-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული პროცენტის ოდენობა.

    ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა:

    „სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. (სუსგ Nას-1560-1463-2012)

    ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი“ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

    პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:

    ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;

    ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;

    გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;

    დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. (№ას-501-477-2013)

    #34453
    BLH
    Keymaster

    პირგასამტეხლოს დარიცხვის დაწყება და მისი შეწყვეტა

    საინტერესო განმარტება გააკეთა სააპელაციო სასამართლომ, (იხ. 2/5911-13) პირგასამტეხლოს დარიცხვის დაწყებასა და მის შეწყვეტასთან დაკავშირებით:

    „პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.

    ამდენად, ვინაიდან მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში არ დაფიქსირებულა პირგასამტეხლოს დარიცხვის შეწყვეტის კონკრეტული ვადა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი უნდა გაგრძელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებამდე.

    პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება იქამდე, სანამ ვალდებულება სრულად არ შესრულდება. პირგასამტეხლოს დარიცხვის შეწყვეტას ვალდებულების შესრულება განაპირობებს, შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში გაკეთებული დათქმა მასზედ, რომ „პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდეს აღსრულებამდე“ მომდინარეობს პირგასამტეხლოს არსიდან და შეესაბამება კანონს.

    ამასთან, აღსანიშნავია, რომ მითითებულ კონტექსტში „აღსრულება“ გულისხმობს ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებასაც, რაც იმას ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა წყდება ვალდებულების შესრულებით, იქნება ეს ნებაყოფლობითი შესრულება, თუ იძულების წესით აღსრულება. პირგასამტეხლოს დარიცხვის შემოფარგვლა გარკვეული დროით შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. “

    #34457
    BLH
    Keymaster

    პირგასამტეხლოს მიმართება ზიანის ანაზღაურებასთან

    პირგასამტეხლო (ასევე 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი) წარმოადგენს მინიმალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, რაც ნიშნავს, იმას, რომ თუ ფაქტობრივად დამდგარი ზიანი უფრო მეტი ოდენობისაა, მაშინ გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მთლიანი ზიანის ანაზღაურება, თუმცა იგი ვეღარ მოითხოვს ამავდროულად პირგასამტეხლოს გადახდასაც. ან მას შეუძლია მოითხოვოს პირგასამტეხლო და მას დამატებული ზიანის ანაზღაურება იმ ოდენობით რამდენითაც აღემატება პირგასამტეხლოს.

    მაგ: სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებამ გამოიწვია ზიანი 1000 ლარის ოდენობით, ამავდროულად 300 ლარის პირგასამტეხლო დაერიცხა სესხს. ასეთ შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს 1000 ლარის ანაზღაურება, იგი ვერ მოითხოვს 1300 ლარის ანაზღაურებას.

    იურიდიულ ლიტერატურაში გვხვდება სხვადასხვა ტიპის პირგასამტეხლო:

    ჩასათვლელი – როცა პირგასამტეხლო ითვლება ზიანის ანგარიშში.

    საჯარომო- როცა კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს როგორც ზიანის ანაზღაურება ასევე პირგასამტეხლო.

    ალტერნატიული – კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ან ხელშეკრულების შესრულება, ან ზიანის ანაზღაურება, ან პირგასამტეხლო.

    ექსკლუზიური – კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოსს მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდა.

    საქართველოს კანონმდებლობა ცნობს მხოლოდ ჩასათვლელ და ალტერნატიულ პირგასამტეხლოს, ხოლო საჯარიმოს და ექსკლუზიურს არ იცნობს. ამ საკითხს ეხება უზენასი სასამართლოს გადაწყვეტილება (N-3-422-03):

    დაუშვებელია, ერთდროულად მოვალისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსა და გადახდის ვადის გადაცილებისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტის გადახდევინება, რამეთუ, როგორც პირგასამტეხლო, ისე გადახდის ვადის გადაცილებისათვის კანონით გათვალისწინებული პროცენტი წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების თანხას და არ შეიძლება ერთისა და იმავე დარღვევისათვის მოვალეს დაეკისროს გადახდა გაორმაგებული სტანდარტით, მითუმეტეს მაშინ, როცა სკ 403- მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, ვადის გადაცილების გამო კანონით გათვალისწინებული პროცენტი მოვალეს დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, მას უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.”

    ამ შემთხვევაში მართალია საკითხი ეხებოდა ისეთ შემთხვევას, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ერთდროულად  პირგასამტეხლოც და 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტიც, თუმცა ანალოგიური მიდგომაა, როცა საქმე ეხება პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურებას ზოგადი საფუძვლებით (408-415 მუხლები), ან 403-ე მუხლსა და ზიანის ანაზღაურებას ზოგადი საფუძვლებით.

    პირგასამტეხლოდან გამომდინარე პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ ვალდბულების დარღვევისთვის მოვალეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება საერთო საფუძვლებით.

    მაგ: სესხის დაბრუნების ვადის გადაცილება განპირობებული იყო დაუძლეველი ძალით. ამ შემთხვევაში მსესხებელს არ დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, რომ მან გადააცილა სესხის დაბრუნების ვადას.

    #34894
    BLH
    Keymaster

    შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების დაუშვებლობა

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 17 თებერვალს მიიღო განჩინება საქმეზე №2ბ/4400-14, რომელშიც იმსჯელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის (პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ) გამოყენებაზე და განმარტებაზე პრაქტიკაში.

    სასამართლოს მსჯელობაში აღნიშნულია, რომ 420-ე მუხლი წარმოადგენს იმ იშვიათ გამონაკლისთაგანს, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

    კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

    ამასთან, პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს.

    შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე წარმოდგენილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა.შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება.

Viewing 6 posts - 1 through 6 (of 6 total)
  • You must be logged in to reply to this topic.