This topic contains 4 replies, has 2 voices, and was last updated by  BLH 2 years, 11 months ago.

Viewing 5 posts - 1 through 5 (of 5 total)
  • Author
    Posts
  • #29646

    BLH
    Keymaster

    ამ თემაში განვიხილავთ არბიტრაჟთან დაკავშირებულ საკითხებს.

    #29647

    Crassus
    Participant

    რა არის არბიტრაჟი?

    არბიტრაჟი არის კერძო დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, კერძოდ პირებს შორის წარმოშობილი კერძო ხასიათის ქონებრივი დავა შეიძლება განსახილველად, საერთო სასამართლოების ნაცვლად, გადაეცეს არბიტრაჟს, ამისათვის აუცილებელია ამ პირთა შორის შეთანხმება.

    ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, საერთო სასამართლოებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება განიხილონ დავა, რომელიც არბიტრაჟის ქვემდებარეობაშია.

    კერძო არბიტრაჟი იხილავს მხოლოდ სამოქალაქო, კერძო ხასიათის ქონებრივ დავებს (მაგ: ფულადი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ დავას), ხოლო სხვა სახის სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების (მაგ. ადმინისტრაციული დავების) განხილვის უფლება მას არა აქვს.

    #29834

    BLH
    Keymaster

    საარბიტრაჟო შეთანხმების ცნება და ფორმა

    საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.

    საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს, როგორც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილი, ასევე დამოუკიდებლად, თუმცა ამ უკანასკნელ შემთხვევაში ზუსტად უნდა ირკვეოდეს საარბიტრაჟო შეთანხმებიდან, თუ რომელ სამართლებრივ ურთიერთობას ეხება იგი.

    ზოგადი წესის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება წარმოადგენს მხარეთა შორის დადებულ ორმხრივ გარიგებას, რომელიც უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. ზეპირი ფორმით დადებული საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია.

    თუ საარბიტრაჟო შეთანხმების ორივე მხარე ფიზიკური პირია, საარბიტრაჟო შეთანხმებას ხელი უნდა მოაწერონ მხარეთა ადვოკატებმაც ან საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

    სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმების საგანთან დაკავშირებული დავა. სარჩელი ასეთ დავასთან დაკავშირებით სასამართლომ არ უნდა მიიღოს წარმოებაში, ხოლო თუ მიიღო წარმოებაში განუხილველად უნდა დატოვოს.

    #34983

    BLH
    Keymaster

    საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება

    საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთადერთი საპროცესო საშუალებაა, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა სასამართლოში.

    ასეთ საქმეებს იხილავენ საქართველოს სააპელაციო სასამართლოები.

    სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხოლოდ კანონით ამომწურვად ჩამოთვლილი საფუძვლების არსებობისას.

    საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ:

    მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს საჩივრით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ:

    • საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები (მხარდაჭერის მიღების გარეშე დაიდო შეთანხმება) ან კანონმდებლობის მიხედვით საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია/ ძალადაკარგულია;
    • მხარე, რომელიც ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას, არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები;
    • საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. ( გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მოთხოვნის ფარგლებს გადაცილებული საკითხების ნაწილში, თუ მათი გამოცალკევება არის შესაძლებელი).
    • არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – არბიტრაჟის შესახებ კანონის მოთხოვნებს;
    • სასამართლო დაადგენს, რომ: საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი ან/და საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს.
    #34985

    BLH
    Keymaster

    საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურა

    მხარემ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი სასამართლოში შეიძლება წარადგინოს, საარტბიტრაჟო გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 90 დღის განმავლობაში.

    ზემოთ აღნიშნული საფუძვლებით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება ხდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.

    თუ საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლოს მიერ არის გამოტანილი, საჩივარი აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმავე საფუძვლით გაუქმების შესახებ, რომლითაც მხარე ითხოვდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმას, არ დაიშვება, ხოლო თუ საჩივარი მიღებულია, მასზე საქმის წარმოება შეწყდება.

    სასამართლო ვალდებულია განიხილოს საჩივარი და გამოიტანოს მოტივირებული გადაწყვეტილება საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.

    სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრით, უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა საჩივრის წარმოებაში მიღებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადით, რათა არბიტრაჟს მიეცეს შესაძლებლობა,განაახლოს განხილვა ან განახორციელოს ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც, არბიტრაჟის შეხედულებით, აუცილებელია გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად.

    აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვის შეჩერების შესახებ სასამართლო უწყებით ატყობინებს არბიტრაჟს საქმის განხილვის შეჩერებიდან 3 დღის ვადაში.

    საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება

    გასაჩივრების შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება. სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით, შეაჩეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება ვადით არა უმეტეს 30 დღისა საჩივრის წარმოებაში მიღებიდან, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი უზრუნველყოფა.

     

     

Viewing 5 posts - 1 through 5 (of 5 total)

You must be logged in to reply to this topic.