Viewing 7 posts - 1 through 7 (of 7 total)
  • Author
    Posts
  • #30644
    BLH
    Keymaster

    ამ თემაში განვიხილავთ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

    #30646
    BLH
    Keymaster

    რა არის ადმინისტრაციული წარმოება?

    ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო მმართველობის განხორციელების უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება:

    • ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება;
    • ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა;
    • ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება.

    ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აფუძნებს ზოგად რეგულაციას, ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც გამოიყენება ადმინისტრაციული სამართლის ნებისმიერ სფეროში, როგორც ზოგადი წარმოების მარეგულირებელი ნორმები.

    მაგ: სამშენებლო ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ადმინისტრაციული ორგანო ხელმძღვანელობის, როგორც სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების ნორმებით, ასევე ზოგადი ნორმებით, რომლებიც განსაზღვრულია ზაკ-ში.

    ადმინისტრაციული წარმოების სამი სახე არსებობს:

    ა) მარტივი ადმინისტრაციული წარმოება;

    ბ) ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება;

    გ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

    მარტივი ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული წარმოების მთავარი და საბაზისო სახე, რომლის დებულებები გამოიყენება წარმოების სხვა სახეების შემთხვევაშიც. ზოგადი წესის თანახმად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

    #30647
    BLH
    Keymaster

    ადმინისტრაციული წარმოების დაწყება

    ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებს ამომწურავად განსაზღვრულია ზაკ-ში, კერძოდ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:

    ა) დაინტერესებული პირის განცხადება- დაინტერესებული პირი მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს განცხადებით, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს, მის განცხადებას თან უნდა დაერთოს კანონით განსაზღვრული ყველა მონაცემი, ამავდროულად აღნიშნული განცხადება უნდა შეიცავდეს კანონით განსაზღვრულ რეკვიზიტებს.

    დაინტერესებული პირის განცხადება შეიძლება მიზნად ისახავდეს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, სამშენებლო ნებართვის გაცემას, სოციალური დახმარების მიღებას და ა.შ.

    დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში, წარმოება დაიწყება აღნიშნული განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.

    ბ)ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.

    არსებობს შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული წარმოება იწყება, არა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, არამედ კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, მაგალითად, როდესაც პოლიციელი ხედავს მთვრალ პიროვნებას, რომელიც აპირებს საჭეზე დაჯდომას, პოლიციის შესახებ კანონიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია თავიდან აიცილოს სამართალდარღვევა და არ დაუშვას ამ პიროვნების საჭესთან დაჯდომა.

    #33812
    BLH
    Keymaster

    კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობა

    ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა.

    დაუშვებელია ზემოთ აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან განცხადების განხილვაზე უარის თქმა.

    მაგალითად: უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N-ბს-494-591--03 

    ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელეები აშენებდნენ სახლს, ქალაქის არქიტექტურული სამსახური არ აძლევდა ნებართვას და სთხოვდა ისეთ დოკუმენტს, რომლის კანონით მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა.

    “სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8.1 და 81-ე მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, თავისი უფლებამოსილება განეხორციელებინა მიუკერძოებლად და უფლება არ ჰქონდა, მოეთხოვა მხარისათვის კანონით გათვალისწინებული სხვა რაიმე საბუთი ან ინფორმაციის წარდგენა. ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს უარი ქმედების განხორციელებაზე – განცხადების განხილვასა და გადაწყვეტაზე, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელეთა ინტერესს, ამიტომ მოპასუხეს უნდა განეხილა განცხადება და სათანადო შეფასების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება.”

    უზენაესი სასამართლო დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას.

    #33816

    საქმის გარემოებათა გამოკვლევა

    ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

    საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია:გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, გამოკითხოს მოწმეები, დანიშნოს ექსპერტიზა და ა.შ.

    დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

    ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.

    მაგ: უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N-ბს-391-386(კ-14)

    ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. სარეგისტრაციო სამსახურმა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სადავო გადაწყვეტილება მიიღო სარეგისტრაციო სამსახურში დაცული დოკუმენტაციის გამოკვლევის და შეფასების გარეშე.

    სარეგისტრაციო წარმოების პროცესში სამსახურს არ დაუდგენია სადავო ფართით რომელიმე სხვა სუბიექტის მიერ სარგებლობის ფაქტი, არ დაუდგენია ამ სადავო ფართზე ამხანაგობის საერთო საკუთრების გამომრიცხავი გარემოება.

    სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა დაცული კანონმდებლობის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით.

    ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.).

    ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას  უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათი შეფასების შედეგად მიეღო  გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.

    სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა  სასკ-ის 32.4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების და შეფასების გარეშე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევა, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძველი.

    #33817

    საქმის გარემოებათა გამოკვლევა

    საქმის გარემოებათა გამოკვლევა: უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ბს-229-226(-14)

    საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს მიერ სადავო საკითხზე საბჭოს თავდაპირველი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების შემდეგ ჩატარდა პროფესიული განვითარების საბჭოს სამი სხდომა. აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელე მოწვეულ იქნა საბჭოს მხოლოდ ერთ სხდომაზე.

    „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 87-ე მუხლის თანახმად საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხარეების დასწრება სავალდებულოა. ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით შემოწმების შედეგების  ამსახველი დოკუმენტის მომზადებისა და განხილვის ყველა ეტაპზე აუცილებელია იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობა, რომლის საქმიანობაც შემოწმდა.

    საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ. ს-ამ 20.02.13წ. განცხადებით მიმართა სამინისტროს, რომელშიც აღნიშნა, რომ 19.02.13წ. მის ადვოკატს ჩაბარდა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 14.02.13წ. და 18.02.13წ. წერილები, საიდანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება საბჭოს თავდაპირველ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

    განმცხადებელმა ითხოვა ეცნობებინათ მისთვის სხდომის თარიღი, რათა ადვოკატს მიცემოდა შესაძლებლობა დასწრებოდა სხდომას და მიეცა განმარტება.აღნიშნულის მიუხედავად, საბჭოს სხდომის თარიღი არც მოსარჩელეს და არც მის წარმომადგენელს არ ეცნობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 68.2, 87-ე მუხლების, სზაკ-ის 95-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნების დარღვევა, რაც სზაკ-ის 601.1 მუხლის თანახმად აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

    #37995
    BLH
    Keymaster

    ადმინისტრაციული წარმოება და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკველვის მოვალეობა

    ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის სპეციალურად განსაზღვრული აუცილებელი პროცედურის – ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების მიზანს სწორედ  საქმის  გარემოებათა ობიექტური და კვალიფიციური გამოკვლევა-შეფასება წარმოადგენს.  სწორედ  ეს ფუნქცია განაპირობებს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების  მიღებას. 

    ზოგადი ადმინისტრაციული   კოდექსის   96.1  მუხლით კანონმდებელი   იმპერატიული   შინაარსით ადგენს  ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (იხ. სუსგ №ბს-60-55(კ-13)).

Viewing 7 posts - 1 through 7 (of 7 total)
  • You must be logged in to reply to this topic.